“მე სამოთხე ვარ და, თქვენ კი, თქვენ კი! ..”

Image

“მე სამოთხე ვარ და, თქვენ კი, თქვენ კი !.

ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!

იქ თვით სამოთხე ჯოჯოხეთია,

სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური!“

ილია ჭავჭავაძის თანამედროვე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი სამსონ ფირცხალავა ასე იხსენებს ჩვენი ისტორიის სამარცხვინო ფურცელს: “ზოგიერთების გალაშქრებამ ილიას წინააღმდეგ ყოველივე საზღვარი გადალახა და მისი პიროვნება დახატეს, როგორც ყველაზე უბოროტესი, საშინლად მავნებელი, მისი სიძულვილი არ დაივიწყეს მისი ტრაღიკული დაღუპვის შემდეგაც და ამის კვალი დიდი ხანი არაა, რაც წაიშალა და გაქრა.

მართალია, მკითხველი საზოგადოება მიჩვეული იყო ილიას მკაცრს გაკრიტიკებას, საყვედურებს და სამდურავებს, მის ავად მოხსენიებას, მაგრამ 1905 წ. «მოგზაურის» მე13 ნომერში დაბეჭდილი ვ. ნ.ის კორესპონდენცია («საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება») ყუმბარასავით გასკდა. კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ი. ჭავჭავაძე მეტად ბოროტად და უსამართლოდ ეპყრობა გლეხებს, რომელთაც ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადესო.“ 

მცირე განმარტება „მოგზაურის“ შესახებ

ფილიპე მახარაძე:”1905 წლის დასაწყისიდანვე, სხვა ამხანაგებთან ერთად ( საშა წულუკიძე და სხვა) ხელი მოვკიდე ყოველკვირეული მარქსისტული ჟურნალის „მოგზაურის“ გამოცემას.“

აკაკი ბაქრაძე: „მოგზაური“ ისე იყო ილიას სიძულვილით შეპყრობილი, რომ ერთხელ ერთ ნომერში ერთდროულად სამი წერილიც კი დაბეჭდა „განდეგილის“ ავტორის წინააღმდეგ: „თავის გამართლებაც ასეთი უნდა,“”პასუხად ილია ჭავჭავაძეს“და „მცირე შენიშვნა.’

“მოგზაური“ ამითაც არ დაკმაყოფილდა და ნაირნაირ პამფლეტებს აქვეყნებდა ილიას სახელის გასატეხად. ერთ-ერთი პამფლეტისტი „მოგზაურიდან“ მოუწოდებდა ილია ჭავჭავაძეს:

„სირცხვილი შენ, სირცხვილი! ვისი დაწერილია შვენიერი წიგნი, რომელსაც ‘გლახის ნაამბობი“ჰქვია? ვისი-მეთქი გეკითხები? რატომ აწერე ასე ხელოვნურად ბატონების სიმხეცე და ყმების გაჭირვება, თუ რამდენიმე ხნის შემდეგ შენს ნაწერებს შენვე უარყოფდი? ვინ გალექსა ისე ლამაზად კაკოს ნაამბობი? ვინ მეთქი, გეკითხები? რა იყო მიზეზი კაკოს გაყაჩაღებისა? ნუთუ ყველა ეს გადაგავიწყდა? ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ „კაკოს,“ „გაბროს,“ და „თამროს“ დავიწყებოდეს ის, რაც შენ განზრახ დაგვიწყებია, სირცხვილი შენ, სირცხვილი!“

ასე ამუნათებდნენ ილიას, ის კი იდგა და გულმხურვალედ მოუწოდებდა ერს, ხალხს, საზოგადოებას, განურჩევლად პარტიულობისა – ყველანი გურიაში წავიდეთ და აჯანყებულებთან ერთად დავიხოცოთო. ყველაზე უფრო გულსატკენი ის იყო, რომ ილიას არავინ გამოქომაგებია, არავის ამოუღია ხმა, არავინ გამოსარჩლებია.

დაცვა-გამოსარჩლებას ვინღა ჩივის, „ივერიამ,“ ილიას „ივერიამ,“რომლის რედაქტორობასაც სულ რაღაც სამიოდე წლის წინ დაანება თავი, „მოგზაურის“ ცილისწამება გადაბეჭდა და მის გავრცელება-პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, თან ფარისევლური შენიშვნა დაურთო: „ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ „გლახის ნაამბობის“ ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია, ჯერჯერობით, იმედი ვიქონიოთ, რომ თვითონ თ.ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაამტკიცებს.“

მაგრამ, როცა ილიამ პასუხი დაწერა და ინსინუაცია გააბათილა, „ივერიამ“არ დაბეჭდა ეს წერილი. ილია იძულებული გახდა „ნუთუ?“ თავისი ხარჯით დაესტამბა და როგორც „ივერიის“ დამატება გაევრცელებინა.“ 

ამონარდი ილია ჭავჭავაძის  წერილიდან „ნუთუ?“

„არ ვიცი- რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია, იგი რომელიც პოლიციელის ხელჯოხიანობას გამოიწვევს თუ იგი, რომელიც ერთ კაცს მეორეს გადაჰკიდებს, ერთ წოდებას მეორეზე აალურსებს და აასისინებს. ან თუნდაც ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ.

არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.”  

მოამზადა ეკა წამალაშვილმა

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s