დაჩოქება -1993

      სოხუმის დაცემის მეორე დღეს -1993   წლის  28 სექტემბერს – საქართველოს სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე უმძიმესი საჯარო მიმართვით გამოვიდა: „27 სექტემბერს, დღის 13 საათზე ქალაქ სოხუმს შემოესივნენ კბილებამდე შეიარაღებული რუსი, ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკები, რომლებმაც ტანკებით და ჯავშნიანი მანქანებით დაიკავეს დღეს სოხუმი. ამ მორიგ ბარბაროსულ აქციას ამჯერად წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების შესახებ. სოხუმის დამპყრობლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ასობით ადამიანი, დაანგრიეს და დაწვეს სახლები, საცხოვრებელი უბნები, ქალაქის მოსახლეობის მთლიანი ევაკუაცია არ მოხერხდა, მათი სიცოცხლე საფრთხეშია. მრავალტანჯული საქართველო კიდევ ერთი ტრაგედიის ობიექტი გახდა. აფხაზეთში უმოწყალოდ ნადგურდება ქართველი მოსახლეობა. საქართველო დამარცხდა უთანასწორო ძალებთან ომში, რომელიც ერთი დიდი სახელმწიფოს მინისტრის ენით რომ ითქვას, გაჩაღდა ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად საქართველოში. სწორედ იმპერიული ძალების მიერ არის ინსპირირებული აფხაზეთის კონფლიქტი, რის შედეგადაც აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ოკუპირებულია. სოხუმის გადარჩენა შეიძლებოდა ჯერ კიდევ გუშინ, ეს შეეძლო მხოლოდ რუსეთს – ასეთი თხოვნით მივმართეთ მოსკოვს, გავუგზავნე თანხმობის დეპეშა რუსეთის ხელმძღვანელობას, საქართველოს „სნგ“-ში შესვლის თაობაზე, რომლის წინააღმდეგი ვიყავი ბოლო დრომდე. თანხმობა განვაცხადე რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებაზე, შემოეყვანა საქართველოში დამატებით შეიარაღებული ძალები აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად საქართველომ დაიჩოქა. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა, სამწუხაროა, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ გარეშე ძალათა ინტერესები ვერაფერს დაგვაკლებდა, რომ არა შინააშლილობა და თანამოქალაქეთა ღალატი. მოვა დრო და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. სოხუმის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გარეშე ძალამ კარგად გაითამაშა მოღალატის კოზირი. მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შეძრწუნებული ვარ მომხდარით. იცის ღმერთმა, ყველაფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად. ვერ შევძელი. დაე, მაპატიონ თანამედროვეებმა და შთამომავლობამაც.”

 

     სულ ცოტა ხანი იყო გასული ამ  სიტყვების  წარმოთქმიდან  და შევარდნაძის გადაწყვეტილებით საქართველომ რუსეთის წინაშე დაიჩოქა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველო ყველაზე ბოლოს, სოხუმის დაცემის შემდეგ და ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო-სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე გაწევრიანდა. ეს გადაწყვეტილება იყო კაპიტულაციის ტოლფასი  რუსეთის მიმართ. არადა, აფხაზ სეპარატისტებთან ალიანსში, რუსეთს სულ ახალი დასრულებული ჰქონდა ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში. სოხუმის დაცემის  შემდეგ შევარდნაძემ მადლობაც კი უთხრა რუსეთს დახმარებისთვის, რომელიც მან ( რუსეთმა) სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად  გაწია „უბედურების ზონიდან“ (საქართველო, აფხაზეთი) ადამიანთა გადარჩენაში. 

     თანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ  შევარდნაძის ხელისუფლებამ გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა 1991-92 -ში  შეიარაღებული გზით დამხობილ პრეზიდენტს და მის მომხრეებს და აი,  რა თქვა ამ გადამწყვეტი შეტევის წინ   მაშინდელმა სახელმწიფო მეთაურმა: „გამსახურდიას არა აქვს პლატფორმა, არა აქვს პროგრამა, არა აქვს მსოფლმხედველობრივი პრინციპები. ხალხს ესმის რომ გამსახურდიას ავანტიურიზმს ბოლო უნდა მოეღოს!“

      1993 წლის შემოდგომით, ტელეკომპანია „ოსტანკინის“ – სტუდია „რეზონანსმა“- პირდაპირი ეთერით გამართა დიალოგი საქართველოს იმჟამინდელ  სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან. ამ  დიალოგის გაშიფრული ტექსტი 1993 წლის  ოქტომბრის   „საქართველოს რესპუბლიკამ“  გამოაქვეყნა. მედიაLine  აქვეყნებს ამ ტექსტს. 

Image

 

     ედუარდ შევარდნაძე:„აფხაზეთში ტრაგიკული ამბების შემდეგ, რომელთა შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ლტოლვილთა ნაკადმა დაახლოებით ორასი ათასი შეადგინა. სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავა ექსპრეზიდენტის მომხრეთა ანტისახალხო, ანტისახელმწიფო გამოსვლებმა. მხოლოდ ამ ბოლო ხანს დაისახა სტაბილიზაციის ტენდენციები, მაგრამ ვითარება კვლავ კრიზისულია. ინფლაციის უმაღლესმა დონემ, ხალხის ეკონომიკურმა გაღატაკებამ, მძიმე  კრიმინოგენურმა ვითარებამ გვაიძულა შემოგვეღო საგანგებო წესები, მთელ რიგ ქალაქებში დაგვეწესებინა კომენდანტის საათი. დსთ-ში შესვლა ლოგიკური ნაბიჯიც იყო და მკვეთრი შემობრუნებაც. რაც შეეხება ზეგავლენას, საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელზეც შეიძლება ზეგავლენის მოხდენა და არც მე გახლავართ ის ხელმძღვანელი, რომელიც ზეგავლენით იღებს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კრიტიკას ოპოზიციის მხრიდან, ეს ნორმალური მოვლენაა. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, ამას ადასტურებს პარლამენტართა უმრავლესობა, რომელმაც მოიწონა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა.

     გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მოსკოვის 3-4 ოქტომბრის ამბებმა, რადგან პოლიტიკური სარბიელიდან წავიდნენ ის ძალები, რომლებსაც სურდათ დაებრუნებინათ რუსეთში  ტოტალიტარული რეჟიმი. ახლა შეგვიძლია ლაპარაკი ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიან და ორივე მხარისთვის ხელსაყრელ ურთიერთობებზე, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევდივართ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ დაგვეხმარებიან რკინიგზის მაგისტრალის დაცვაში, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე სომხებისა და აზერბაიჯანლებისთვის. ამ მაგისტრალის ნორმალური ფუნქციონირებით დაინტერესებულია რუსეთიც. ამაზე შევთანხმდით ჩვენ- 4 სახელმწიფოს მეთაურები, მაგრამ, პრაქტიკულად ჯერ არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ლაპარაკია იმ შეიარაღების გადაცემაზე, რომელიც ჩვენ გვერგება. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყველა სამხედრო შეთანხმებას, განვსაზღვრეთ ჯარების სტატუსი, მათი ყოფნის ვადები. რუსეთმა თავის მხრივ იკისრა ვალდებულება და არავითარ სამხედრო ჩარევაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. რაც შეეხება საქართველოს შემდგომ პოლიტიკურ მოწყობას, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. მიმდინარეობს მუშაობა ახალ კონსტიტუციაზე, საბოლოოდ საკითხი გადაწყდება საყოველთაო  სახალხო რეფერენდუმის გზით, მაგრამ უკვე დღეს შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ ყველა ხალხის, მათ შრის აფხაზი და ოსი ხალხის უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.

     მრავალს აინტერსებს ჩვენი შემდგომი ურთიერთობა აფხაზებთან, მაგრამ,  უწინარეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციები და თანამეგობრობის ქვეყნები უნდა გაერკვნენ იმაში, თუ რა მოხდა აფხაზეთში. პრინციპული შეფასება უნდა მივცეთ იმას, რომ  ადამიანები მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ქართველები იყვნენ და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აფხაზებთან დიალოგს, ლაპარაკი შეიძლება დიალოგზე იმ აფხაზ ხელმძღვანელებთან, რომლებიც არ იზიარებენ აფხაზთა ახლანდელი მმართველი  დაჯგუფების შეხედულებებს, ამასთან რუსეთმა უნდა შესრულოს და შეუძლია კიდეც შეასრულოს შეუცვლელი ფუნქცია.“

     “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, დიალოგის მიმდინარეობისას შეკითხვებს შორის იყო ასეთი: შესაძლებელია თუ არა მომავალში საქართველოს ქონდეს პრეტენზია შავი ზღვის ფლოტის ნაწილზე?

    ” საქართველოს აქვს უფლება და უნდა  ჰქონდეს კიდეც პრეტენზია, შავი ზღვის ფლოტის გარკვეულ ნაწილზე,- თქვა შევარდნაძემ, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა დროული არ არის, იდეის რეალიზაციაში უამრავი პრაქტიკული სიძნელის, აგრეთვე იმის გამო, რომ საქართველოს არ გააჩნია სახსრები შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობიდან სამხედრო-საზღვაო შენაერთის შენახვისთვის. შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს იმ მასშტაბური დახმარებისთვის, რომელიც გაწიეს „უბედურების ზონიდან“ ადამიანთა გადარჩენაში. „ჩვენ შემდგომშიც გვაქვს მათი  დახმარების იმედი, რადგან 200 ათას ლტოვილს ვერ ვუზრუნველყოფთ საკუთარი ძალებით, მით უმეტეს, რომ დასავლეთ საქართველოში არასტაბილური ვითარებაა – მიმდინარეობს საომარი მოქმედება. მართალია  გამსახურდიას პოლიტიკურ ავანტიურიზმს პერსპექტივა არა აქვს, მაგრამ იტანჯება ხალხი და ჩვენ გადამჭრელ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ. როცა შეიარაღებული გამოსვლები დაიწყო, მე შევთავაზე რეფერნდუმის მოწყობა, მაგრამ ხალხმა მხარი არ დაუჭირა ამ იდეას, რადგან მიიჩნია, რომ გამსახურდიას არა აქვს პლატფორმა, არა აქვს პროგრამა, არა აქვს მსოფლმხედველობრივი პრინციპები. ხალხს ესმის, რომ გამსახურდიას ავანტიურიზმს ბოლო უნდა მოეღოს!

     სახელმწიფო მეთაური იმედოვებს, რომ საქართველოში სტაბილიზაცია მალე  იქნება მიღწეული და გაიმართება ბორის ელცინის ვიზიტი საქართველოში, დაგეგმილია ვიქტორ ჩერნომირდინის ვიზიტიც.“

„საქართველოს რესპუბლიკა,“ 1993  წლის ოქტომბერი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s