ცოტა რამ ტალიავინის კომისიისა და მისი დასკვნის შესახებ

  Image„ევროპული სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, დღევანდელი პოლიტიკისგან განსხვავებით არ დააჩქარებს  აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესს და შეამცირებს დაძაბულობას რეგიონში,“ ეს განცხდება 2009 წლის ოქტომბერში გააკეთა გერმანელმა ექსპერტმა ოტო ლუხტერჰანდტმა, მაშინ მან არ გამორიცხა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას ახლო მომავლაში რუსეთთან, ნიკარაგუასთან და ვენესუელასთან ერთას სხვა სახელმწიფოებიც აღიარებდნენ.

     ოტო ლუხტერჰანდტი იყო,  ტალიავინის კომისიის სახელით ცნობილი, ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისიის  წევრი. კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით, 2008 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა. მის მანდატს წარმოადგენდა კონფლიქტის წარმოშობისა და მიმდინარეობის ფაქტობრივი მხარის გამოძიება. სამართლებრივი შეფასების კომპეტენცია კომისიას არ ჰქონდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ  ასეთი   კომისიის  შექმნის იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა. მისი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ იმ საინფორმაციო ომში, რომელიც რუსეთმა  საქართველოზე თავდასხმის შემდეგ გააჩაღა, უმნიშვნელოვანესი იყო მიუკერძოებელი არბიტრის არსებობა. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლებაში წუხილი გამოთქვეს  კომისიაში ისეთი ადამიანების აღმოჩენის გამო, რომლებსაც  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პოზიცია წინასწარ ჰქონდათ გაცხადებული.

რაში იყო საქმე?  ჩვენს მიერ ნახსენები  გერმანელი პროფესორი  ოტო ლუხტერჰანდტი  2008 წლის ოქტომბერში აღნიშნავდა, რომ  საქართველომ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, როდესაც არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ცხინვალს დაესხა თავს. პროფესორი ლუხტერჰანდტი  აცხადებდა,  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წარსულში რამოდენიმეჯერ დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი “სამხრეთ ოსეთში,” მოსკოვს შეუძლია გაამართლოს თავისი საქციელი საერთაშორისო სამართლით. საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში მდებარე სამშვიდო ძალების შტაბ-ბინაზე, ტოლფასი იყო, თავად.  რუსეთზე თავდასხმისაო.ოტო ლუხტერჰანდტი ირწმუნებოდა, რომ  რუსეთს საერთაშორისო სამართლით შეუძლია გაამართლოს “სამხრეთ ოსეთის” მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე საჰაერო თავდასხმები საქართველოს სამხედრო ობიექტებზე; თუმცა, არა საქართველოს დასავლეთ ნაწილის ოკუპაცია, რომელიც  საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო. მოკლედ, ლუხტერჰანდტს, 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, საკუთარი პიზიცია კიმისიის მუშაობაში ჩართვამდე ჰქონდა გამჟღავნებული. მის მსგავსად, წინასაწრი პოზიცია გაცხადებული ჰქონდა  კომისიის კიდევ ერთ წევრს – კრისტოფერ ლანგტონს. მან 2008 წლის 13 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია სათაურით -„საქართველოს ოცნება დაიმსხვრა.“ ამ სტატიაში ნათქვამი იყო: ”ამ დრამის არც ერთი მონაწილეს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ მართალია, საქართველომ არაპროპორციულად და არაშესაბამისად იმოქმედა და ახლა უარეს დღეში იმყოფება, ვიდრე აქამდე იყო… რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყრო და არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში განურჩეველი ძალა გამოიყენა – კერძოდ, საჰაერო ძალა.“

     2009 წლის თებერვალში  კომისიის ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის თბილისში ყოფნისას, საქართველოს მხარემ მოითხოვა, კომისიის მუშაობიდან ჩამოეცილებინათ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ჰამბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, ოტო ლუხტერჰანდტი და გადამდგარი პოლკოვნიკი, დიდი ბრიტანეთის სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტის თავდაცვის ანალიზის განყოფილების დირექტორი, კრისტოფერ ლანგტონი. ის ადრე აფხაზეთში გაეროს სადამკვირვებლო მისიაში მუშაობდა. საქართველოს მხარის მოთხოვნის მიუხედავად  ლუხტერჰანდტი და ლანგტონი დარჩნენ კომისიაში.

    გავიხსენოთ როგორ შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლებაში კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, მისი გამოქვეყნების პერიოდში. მოვიყვანთ  საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, თემურ   იაკობაშვილის გამოსვლას თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში შემდგარ  დისკუსიაზე. ეს დისკუსია 2008 წლის ომთან დაკავშირებით საერთშორისო  კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ  გაიმართა.

   თემურ იაკობაშვილი: „ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საინფორმაციო ომში გვყოლოდა დამოუკიდებელი არბიტრი, მესამე მხარე, რომელთანაც ითანამშრომლებდნენ მხარეები  და მიაწვდიდნენ ინფორმაციას. ჩვენდა საბედნიეროდ ასეთი კომისია შეიქმნა, მაგრამ, საუბედუროდ, ამ კომისიაში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ეს საგანგაშო სიგნალი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კომისიაზე აშკარად ხდებოდა ზეწოლა. ზეწოლა ბევრნაირი იყო. ჩვენ საექსპერტო მოსაზრებებს არ ვერჩით, მაგრამ როდესაც კომისიაში ხვდება ხალხი, რომლებსაც თავიდანვე აქვთ დაფიქსირებული პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით , არა აქვს მნიშვნელობა ანტიქართული თუ პროქართული, ყველა შემთხვევაში, თუ ეს არის დამოუკიდებელი კომისია, შერჩეული უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ამაზე ხმამაღლა ვაცხადებდი. თავიდანვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია სამი წევრის შესახებ,  რომელთა ყოფნაც, ჩვენი აზრით, არ შეესაბამებოდა იმ სულსკვეთებას, რა მიზნითაც შეიქმნა ეს კომისია.  ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გაუშვეს კიდეც კომისიიდან. ძალიან დიდი მცდელობა იყო, რომ გავლენა მოეხდინათ კომისიის საქმიანობაზე.

     თავიდანცე არათანაბარ პირობებში ვიყავით. რუსეთი საკმაოდ ორგანიზებული და ძლიერი ქვეყანაა, მას აქვს ბევრი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია მოემსხაუროს ასეთი ტიპის კომისიისთვის  მასალების მიწოდებას, გაცილებით უფრო ორგანიზებულად, ვიდრე ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა. რუსეთს, როგორც მინიმუმ, ჰყავს შვიდი  საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალში  კარგად განსწავლული ინსტიტუტი და ა.შ.

     ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შეუდარებელი იყო ჩვენი და მათი საშუალებები, მაგრამ გვამოძრავებდა ის, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ მასალების მოძიება. ამ პროცესში ბევრი ახალი ფაქტი ამოტივტივდა, პარალელურად გაჩნდა პროპაგანდის შედეგებიც. ალბათ გინახავთ ფილმი „08.08.08,“  რომელიც აფხაზეთში გადაიღეს, ამას დაემატა ვიღაც ცხოვრებოვების  ვიზიტი ამერიკაში, ევროკავშირში ვიღაცეების ჩაყვანა და ა.შ. რუსეთმა ძალიან სერიოზულად დაიწყო საინფორმაციო სივრცეში მოძრაობა…

    დასკვნის გამოქვეყნება რამდენჯერმე გადაიდო. ჩემთვის უცნობია, ეს ტქნიკური მიზეზით მოხდა თუ პოლიტიკურით, ბოლოს გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, ჩვენ წავაგეთ ბრძოლა სათაურებისთვის. ჟურნალისტიკის ძალიან მარტივი პრინციპია, ძაღლი რომ უკბენს ადამიანს, ეს არ არის ნიუსი, თუ ადამიანი უკბენს ძაღლს, ეს უკვე საინტერესოა. ამ პრინციპიდან გამომდინარე, რუსებმა შეძლეს დისკუსიის იმაზე გადატანა, თუ ვინ დაიწყო ომი და როდესაც კომისიის დასკვნა  იდებოდა, მთელი აქცენტი გადატანილი იყო სწორედ ამაზე… ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომისიის დასკვნაში, არსად წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი. სამივე არგუმენტი, რომელიც რუსეთს ჰქონდა წამოყენებული ომის დაწყების არგუმენტად, კომისიის მიერ უარყოფილ იქნა. მათ ღიად თქვეს, რომ ცხინვალის რეგიონში არ ყოფილა ოსების გენოციდი, პირიქით წერია, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას ქართველების მიმართ, სერიოზული ადგილი ეთმობა პასპორტიზაციას და ე.წ. მოქალაქეობის დარიგებას ამ რეგიონში. ეს უკანონო ქმედება იყო, შესაბამისად, რუსების არგუმენტი, რომ ისინი თავის მოქალაქეებს იცავდნენ, ეწინააღმდეგება  საერთაშორისო კანონმდებლობას.

    კომისიის დასკვნაში წერია, რომ არ მტკიცდება ქართველების მხრიდან რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ის, რაც მოხდა 7 აგვისტოს ღამეს და 8 აგვისტოს დილას, არ ყოფილა ცალკე აღებული მოვლენა და კულმინაცია იყო იმ მოვლენებისა, რომლებიც ვითარდებოდა მანამდე. დასკვნაში წერია, რომ 7 აგვისტომდე ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა შენაერთები,  გარდა მშვიდობისმყოფელებისა და რომ რუსეთის ფედერაცია წლების მანძილზე აიარაღებდა და წვრთნიდა ე.წ. სამხერთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურებს, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა სამშვიდობო მანდატთან.

      ჩვენი აზრით, შეცდომით წერია, რომ სამშვიდობოები  თავიანთ ფუნქციას ასრულებდნენ. სამშვიდობოების მანდატით  იქ არ უნდა ყოფილიყო ზედმეტი შეიარაღება, ზედმეტი შეიარაღებული ადამიანი, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთადერთი ადგილი, საიდანაც შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის შემოსვლა, როკის გვირაბი იყო, რომლის გაკონტროლებაც ძალიან მარტივია.  ძალიან გაუგებარი ენით წერია, რომ საქართველოს მხრიდან შეტევა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვვეა იყო. ლაპარაკია სოჭის, დაგომისის ხელშეკრულებაზე, რომელიც მანამდე რუსეთმა დაარღვია. მე მხოლოდ რამდენიმე მომენტზე შევაჩერე თქვენი ყურადღება. დოკუმენტში წერია, რომ ის, რაც კოდორის ხეობაში მოხდა, იყო აშკარა პროვოკაცია და დანაშაული. არანაირი მიზეზი და წინაპირობა, იმისთვის, რომ კოდორის ხეობაში მომხდარიყო რუსეთის ან ე.წ. აფხაზი სეპარატისტების შეიარაღებული ძალების შეჭრა, არ ყოფილა.

     ზოგადად, დასკვნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ  მიუხედავად მისი ინტერპრეტაციის მცდელობებისა,   დოკუმენტში ცალსახადაა დადასტურებული ის საკითხები, რომლებზეც გესაუბრეთ. აქ მოყვანილ ფაქტებს, თითქმის, 100 % -ით  ვეთანხმებით,  დასკვნების 90 -%-ს  ვეთანხმებით, თუმცა არის დეტალები, რომლებსაც  ვერ გავიზაირებთ, რადგან აშკარად ეწინააღმდეგება მოყვანილ ფაქტებს. ვერც იმ ფაქტს დავეთანხმებით, რომ საქართველომ დაარღვია სოჭის ხელშეკრულება, მანამდე ეს ხელშეკრულება რუსეთს ჰქონდა დარღვეული. აქვე მინდა გითხრათ, რომ 7 აგვისტოს უკვე გვყავდა დაღუპული და დაჭრილი ქართველი სამშვიდობოები. ჩემი აზრით, რაც ყველაზე მთავარია  დოკუმენტში, ამაზე ქალბატონმა ტალიავინმაც დაწერა, არის ის,  რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა დასავლეთის მხრიდან უფრო აქტიური ჩარევის შემთხვევაში.. არაერთხელ მითქვამს, რომ მთელი 2008 წლის პირველი ნახევარი ძალიან აქტიურად ვცდილობდით ამ ომის თავიადნ აცილებას საერთაშორისო ჩართულობის გაზრდითა და დიპლომატიით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. იმიტომ არა, რომ აქტიურები არ ვყოფილვართ,იმის გამო, რომ დასავლეთში არ ყოფილა საამისო მზაობა.

       კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დოკუმენტში არის აღნიშული, ის არის, რომ ეს იყო ომი საქართველოსა დ რუსეთს შორის. ვინც კარგად წაიკითხავს დოკუმენტს მიხვდება, რომ კონფლიქტი ყოველთვის იყო საქართველოსა და რუსეთს  შორის, სადაც რუსეთი იყენებდა სეპარატისტებსა და სეპარატიზმს, როგორც ინსტრუმენტს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ.“

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s