“ჩვენი” სტალინი

Image“როცა ის გარდაიცვალა სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი, როცა მას ასაფლავებდნენ ჩვენ ყველანი ვიდექით და ვტიროდით…სტალინი გამორჩეული პიროვნება იყო. ასეთები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა…. ის იყო მორწმუნე, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლოს, მე ასე ვფიქრობ.“ – ეს სიტყვები  ქართული ეკლესიის წინამძღოლმა  ახლახან  თქვა კაცზე, რომლისთვისაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი სტატისტიკა იყო და არა ტრაგედია. ახლახანსვე  ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილია სოსო ჯუღაშვილის მშობლიური გორიდან  სააკაშვილის მთავრობის მიერ გათრეული  უზარმაზარი ქანდაკების უკან დაბრუნება, მართალია ცენტრალურ მოედანზე არა, მაგრამ მაინც …

რაზე მეტყველებს  საქართველოში ამოხეთქილი მთელი ეს  სამარცხვინო და  დაუფარავი  ვნება  გენეტიკურად ქართველი, მაგრამ  საქართველოს  და საერთოდ ადამიანის მოძულე კაცისადმი? ფაქტია, რომ ტირანის ძეგლების დაბრუნებაზე მეოცნებეები  ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის ფაქტმა წაახალისა და ძეგლების დაბრუნებაც დაიწყო. როცა ხელისუფლებაში სხვა განწყობები იყო, ადგილობრივებისგან მცირე  გართულებაც კი  არ მოჰყოლია  იოსებ სტალინის ძეგლის აღებას  – მის მშობლიურ ქალაქ  გორში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს  გადახედოს –  „ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ გადაწყვეტილებას“ – გორში  ტირანის ძეგლის   დაბრუნების თაობაზე. ამ მოწოდებისას მან  განმარტა, რომ სტალინის ძეგლების დაბრუნების   სამარცხვინო  პროცესი,   ჩვენს საზოგადოებას სასაცილოს ხდის, ქვეყანას კი საერთაშორისო იზოლაციისკენ ექაჩება.

21-ე საუკუნის საქართველოში „საბჭოთა ბელადის“ ძეგლების დაბრუნების უცნაური მანია მართლაც რომ სასაცილოზე მეტია. ის იმ   ღრმა პრობლემაზე მეტყველებს, რომელიც სააკაშვილის  პროდასავლური ხელისუფლების 9 წლიანმა  მმართველობამ  რაღაცნაირად  შებოჭა,  მაგრამ ვერ დაძლია. ძეგლების დაბრუნება ქართული საზოგადოების უმრავლესობამ  არ მიიღო  ისეთ პრობლემად, რომლის აღკვეთაც გაცილებით  მკვეთრად უნდა მოეთხოვა.

 გენეტიკურად ქართველი  რუსი დიქტატორი

„შეუძლებელია დასახელდეს ზუსტი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ლენინის და სტალინის ბოროტებამ იმსხვერპლა. სხვა და სხვა მონაცემებით საბჭოთა ექსპერიმენტმა 20-იდან 30 მილიონამდე სიცოცხლე წაიღო. ამიტომ რუსები უუნაროები არიან გაიგონ რატომ უბრუნდებიან პოლონელები მუდმივად კატინის დანაშაულის თემას. მათთვის  ციფრი 21000 ( რაც კატინში დახვრეტილების რაოდენობას ასახავს) არაფერია. უნდა შევეცადოთ ჩავწდეთ  ლოგიკას, ისინი მსხვერპლს ითვლიან  მილიონებით და არა ათასებით.“ –  პოლონელი მკვლევარი იუზეფ სმაგა

გენერალი დე გოლი თავის გამოსვლებში არ ახსენებდა საბჭოთა კავშირს.  სტალინის მიერ შექმნილ საბჭოთა ხალხების იმპერიას ის რუსეთს უწოდებდა. „ საერთო ჯამში დე გოლი მართალი იყო. საბჭოთა კავშირი იყო უფრო მეტი ვიდრე რუსეთი, მაგრამ  ამავდროულად ის  არაფერი იქნებოდა რუსეთის გარეშე,“ – აღნიშნავს  “Le Monde” – ს  ერთ-ერთი ავტორი სტატიაში „რუსეთი სტალინიდან პუტინამდე“ და დასძენს: „ეროვნებით ქართველი იოსებ ჯუღაშვილი ცდილობდა თავი წარმოეჩინა რუსებზე მეტ „ველიკორუსად.“ ახლა პუტინი ცდილობს რუსეთისთვის იმ გავლენის დაბრუნებას, რომელიც მან სტალინის მიერ შექმნილი იმპერიის კრახთან ერთად დაკარგა“.

 „პატარა გორი დიდია, ბევრის მომსწრე და მნახველი“  

2008 წლის აგვისტოში  გორში მოამზადეს რეპორტაჟი, რომელიც მოგვიანებით უცხოურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.  ეს რეპორტაჟი მოგვითხრობდა  სტალინისადმი ქართველების დამოკიდებულებაზე და გვიჩვენებდა საქართველოზე რუსეთის თავდასხმისას, როგორ იდგა ქართველი ასაკოვანი სტალინისტი ბელადის ძეგლის წინ და სთხოვდა შველას. ეკითხებოდა  მის მიერ შექმნილი „დიდი ქვეყნის“ მემკვიდრე –  რუსეთი – გორს რატომ ბომბავდა? მის  მშობლიურ გორს. ამ კადრების ნახვამ მაშინ  საქართველოში  ალბათ  აფიქრებინათ, ომის დღეებში გორში რაღა სტალინის ძეგლთან მლოცველი ერთი ასაკოვანი სტალინისტის გადასაღებად მოიცალეს და ამით დანარჩენი  ქართველებიც სასაცილოები გაგვხადესო. არც ასე მარტივად ყოფილა საქმე.

გასულ ზამთარს ერთ სემინარზე ახლგაზრდების ჯგუფთან ერთად  სხვა და სხვა აქტუალურ თემებზე დისკუსიები უნდა გაგვემართა. „ ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, რეგიონებში „დიდი ბელადის“ ძეგლების დაბრუნების პროცესი  ახალი დაწყებული იყო და ახალგაზრდებსაც  ერთ-ერთ სადისკუსიო თემად  „სტალინის დაბრუნება“ შევთავაზეთ. ჯგუფი  დაახლოებით 40 -ამდე ახალგაზრდისგან შედგებოდა,ასაკი 16 -იდან 21-22 წლამდე მერყეობდა. ჩვენი უმცროსი მეგობრები  საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან იყვნენ და ჩვენთვის მოულოდნელად,  მათმა უმეტესობამ აღნიშნა, რომ  „ბელადის“ ძეგლების დაბრუნებასთან საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. აქედან  რამდენიმემ  მძაფრი აღშფოთებაც კი  გამოხატა კახეთის სოფლებში დაბრუნებული ძეგლების გადაღებვის ფაქტების გამო, ტირანის ძეგლის შეურაცხმყოფლებს ვანდალები და დასასჯელები უწოდა.

დავინტერესდით ახალგაზრდების ეს  ნაწილი  რითი ახსნიდა  საკუთარ პოზიციას. პასუხები ასეთი იყო: “სტალინი იყო მსოფლიოში ყველაზე სახელოვანი ქართველი და  საქართველოში მისი ძეგლები თუ ისევ იდგება ამაში ცუდი არაფერია,“ „ სტალინმა მოიგო ყველაზე დიდი ომი, დაამარცხა ფაშიზმი, ის ქართველი იყო და იმსახურებს სამშობლოში დაფასებას,“ ძეგლი, თუნდაც სტალინის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და მისი ასე უპატივცემულობა არ შეიძლება.“

ვიკითხეთ გარდა  სტალინის გენეტიკური ქართველობისა ახალგაზრდებმა  რა იცოდნენ საბჭოთა ბელადის  როლზე,  მაგალითად  საქართველოს გასაბჭოებაში? მისი დამოუკიდებლობის ხელყოფაში?  და  რაც მთავარია რა იცოდნენ „დიდ ტერორზე,“ რომელმაც სტალინურ ეპოქაში სხვა ქვეყნებთან ერთად  საქართველოს „ცხელი უთოთი“ გადაუარა?  ამ შეკითხვის გარშემო  ხანგრძლივი  დისკუსიის შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდამ  შემოგვჩივლა, რომ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან არ მიუღიათ  საკმარისი ინფორმაცია საბჭოთა პერიოდის შესახებ და მას შემდეგ  მაწუხებს შეკითხვა: პრობლემა ნუთუ მარტო ამაშია?

სტალინის იმპერიის მემკვიდრის – რუსეთის – არმიის შემოსვლა გორში  ხომ სასკოლო სახელმძღვანელოებში კი არა რეალობაში იყო და  სახელმძღვანელობის გარდა ხომ არსებობს  ინფორმაციის მიღების სხვა უამრავი წყარო…  ასე თუ ისე,  იოლი შესამჩნევია, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ დაბადებულ და აღზრდილ თაობაში მაინც უჭირთ გააცნობიერონ რამხელა ბოროტება იყო საბჭოთა კავშირი და  რატომ არ უნდა განვიხილოთ საბჭოთა სიმბოლიკა (მათ შორის ბელადის ძეგლები ) დასაცავ -გასაფრთხილებელ მემკვიდრეობად.

 „მოკვდი და არ უკუიქცე“  იოსებ სტალინი

რამდენიმე წლის წინ,  საქართველოს გასაბჭოების თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ გადაცემაში ვცადეთ მოგვეწვია იმ ცნობილი   ქართველი„ბოლშევიკების“ შთამომავლები, რომელთა მონაწილეობითაც თავის დროზე  ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას  გამოასალმეს.  მოვძებნეთ ორი ასეთის შვილიშვილი და შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობა. გასაგებია, რომ არ არის  კომფორტული ადამიანმა გენეტიკური წინაპრის არცთუ საგმირო საქმეები საჯაროდ შეაფასო და მაინც,  სასურველ რესპონდენტებს ვთხოვეთ იქნებ საჯაროდ აეღწერათ  ემოციები, რაც  საბჭოთა პერიოდში  დამალული ისტორიის  ახლიდან წაკითხვამ  და მასში  წინაპრების როლის გააზრებამ მოუტანათ, ან შეეფასებინათ ეს როლი იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მათ გააჩნდათ და ჩვენ არა.  ერთ-ერთი ხალისით დაგვთანხმდა, მეორემ   უარით გვიპასუხა, თუმცა  სახლში მიგვიღო და  პირად საუბარში  გვითხრა ყველაფერი რისი თქმის სურვილიც  ჩვენმა წინადადებამ გაუჩინა.

ამ ადამიანის სახელს და გვარს არ დავასახელებ. მის  სახლში შესვლისთანავე  გრძნობ, რომ მთავარი მასპინძელი მაინც ისაა, ვინც  კედელზე ჩამოკიდებული უზარმაზარი პორტრეტიდან  დაგყურებს და ვინც საკუთარ სამშობლოში ერთ-ერთი „დიდი მოღალატის“ სახელს ატარებს. ასეთი  კაცის უკვე ასაკში შესულმა შვილიშვილმა თბილად მიგვიღო და საკუთარი ტკივილიც გაგვიზიარა, ოღნოდ, პაპის მიმართ  საყვედური არ უთქვამს. ამბობდა რომ არ ესმოდა რატომ ადანაშაულებს ისტორია  თუნდაც 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებაში მონაწილეობისთვის, ირწმუნებოდა, რომ  პორტრეტზე გამოსახულ კაცს  თავისი ქვეყნის წინააღმდეგ არ უმოქმედია და  სსრკს-ს ნგრევის შემდეგ ამაზე არაობიექტური  წარმოდგენა დაინტერესებულმა პირებმა შექმნეს. მოკლედ, ოჯახი თავს ისტორიის ახლიდან წაკითხვის  მსხვერპლად აღიქვავს, ვინაიდან  წინაპრის  გამო  გართულებიათ ურთიერთობა მეზობლებთან,  ნაცნობებთან, საზოგადოებასთან… ამიტომაც ჩვენს მასპინძელს არ სურდა საჯაროდ  გამოეთქვა საკუთარი განსხვავებული აზრი საქართველოს გაწითლებაში საკუთარი  პაპის თუ ბაბუის   როლზე.

რაღაცნაირად,  სევდიანი  იყო ამ  დახვეწილად მოსაუბრე  ასაკოვანი კაცის წუხილების მოსმენა. ის ისევ იმ რეალობაში იყო, რომელშიც მათ გვარს  ქუჩები  და რაიონები ატარებდა და ნაწყენი  ჩანდა საზოგადოებაზე, რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო შეეცვალა წარმოდგენა საბჭოთა „გმირებზე.“

რა  გაეწყობოდა…იმ გადაცემაში  ერთი სტუმარი  მაინც გვეწვია, მისი პაპაც  ბოლშევიკი იყო, ცნობილი „შულარევის კომიტეტის“ წევრი. რესპონდენტმა უაღრესად საინტერესოდ და, რაც მთავარია,  ზედმიწევნით  ღირსეულად  ჩამოაყალიბა სათქმელი.  ავადსახსენებელ კომიტეტში თავისი  წინაპრის მონაწილეობაზე, მეორე მხრივ – ბოლშევიკების მიერ შექმნილ უმძიმეს  საბჭოთა  მემკვიდერობაზე  –  ისევ უკან რომ გვექაჩება და  გვაფერხებს  თავისუფლებისკენ წინსვლაში.

როცა ვფიქრობ  იმაზე თუ  რა ძალა აქვს „საბჭოთა მემკვიდრეობისგან“  გათავისუფლებას, ხსენებული გადაცემა და მისი სტუმარი მახსენდება, როცა ვფიქრობ რა ტრაგიკულია „ საბჭოთა  მემკვიდრეობით“ ცხოვრება   კი  ასაკოვანი კაცი, რომელიც 20 წელზე მეტია ნაწყენია საზოგადოებაზე და სასაყვედურო არაფერი  არა აქვს პაპასთან, რომლის სახელიც  საქართველოს  დამოუკიდებლობის დასამარებას დაუკავშირდა. ეს ისტორია სტალინის  ძეგლების დაბრუნებას მოვაყოლე, ისტორიკოსები  მიიჩნევენ, რომ 1921 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე იერიშის  წამქეზებელი პირადად  სტალინი იყო, ქართველი, რომელსაც სძულდა საქართველო იმის გამო, რომ თავის  დროზე  ქართველებმა არ აღიარეს.

იოსებ სტალინის მმართველობა ტერორის, მასობრივი დახვრეტების, დაუნდობელი კოლექტივიზაციისა და მსოფლიოს ისტორიაში უსაშინელს ომს  უკავშირდება. სტალინის  სახელთან მიბმული  „მილიონების სიკვდილის სტატისტიკა“ კი ასეთია:

სტალინის“ გულაგები“ სავარუდოდ  14 მილიონამდე ადამიანმა გამოიარა. აქედან  მილიონ ნახევარზე მეტი ბანაკების გაუსაძლის პირობებში დაიღუპა.

სტალინის მმართველობისას დესპოტურ  კოლექტივიზაციასთან  გლეხების აქტიურ წინააღმდეგობას საზარელი შიმშილობები მოჰყვა. 1930-იანი წლების დასაწყისში მარტო უკრაინაში ამის გამო სავარაუდოდ 3,5 მიოლიონამდე  ადამიანი  დაიღუპა.

სტალინური დეპორტაციები შეეხო 6 მილიონ ადამიანს, აქედან 1,5 მილიონი დაიღუპა.

სტალინურმა „დიდმა  ტერორმა“ 1936-38 წლებში მილიონობით ადამიანი შეიწირა. მაშინ  სტალინის უშიშროების ორგანოები დღეში 1000 ადამიანს ხვრეტდნენ.

სტალინი რასაც ქვია  ნადირობდა  ინტელიგენციის წარმომადგენლებზე. საბჭოთა არქივების თანახმად პირადად მისი ხელმოწერით  დახვრიტეს 40 000-მდე  პირი. ეს არის არასრული ჩამონათვლი   საზარელი  დანაშაულებისა, რაც საბჭოთა კავშირმა სტალინის მეთაურობით ყოფილი საბჭოთა ხალხებისა და სხვა ერების წინაშე, კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა..

ვინც  ამა ყველაფრის მიუხედავად მაინც  დადებითად აფასებს სტალინს და არგუმენტად იშველიებს მის როლს მეორე მსოფლიო ომში  ფაშიზმზე  გამარჯვებაში, უნდა  ვკითხოთ: მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება,  შეიძლებოდა კი  გამხდარიყო გამამართლებელი – კაცობრიობის წინაშე ადოლფ ჰიტლერის მიერ ჩადენილი დანაშაულის?  წარმოსადგენია, რომ  გერმანელებს საკუთარ ქალაქებში ჰიტლერის ძეგლი დაედგათ? ან ძალიან ავტორიტეტულ ევროპელ სულიერ ლიდერს ჰიტლერი თბილად მოეგონებინა? ეს წარმოუდგენლია!  დამოუკიდებელ საქართველოში იოსებ სტალინის ძეგლების დაბრუნება კი რეალობაა.

ასე ვერ გავფრინდებით… სტალინი არ ყოფილა ქართული ოცნება…

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to “ჩვენი” სტალინი

  1. მიშა says:

    ვაი შენს პატრონს,,,,,,
    ეს იმიტომ დაწერე რომ ბოლოში ქართული ოცნება მიგეწერა??
    რა შუაშია ოცნება,,,როცა ძეგლის გადატანა ნაცებმა დაიწყეს,,,
    ანდაც პატრიარქის სიტყვებს რატომ ჭრით,,ამბობს იმ დროს ასე ხდებოდაო,,,
    პატრიარქის და ქართული ეკლესიის ბოღმა დაგახრჩობთ საცოდავებო…..
    თქვე მართლა კაგებეს გადმონაშთო კომკავშირლებო

    • medialinege says:

      ოცნება სიტყვია პროვატიზირებულია თუ რაშია საქმე?:) ზოგადად საქმე იმაშია, რომ ნაციონალების ხელისუფლების დროს სტალინის ძეგლები აიღეს, მათ შორის გორში. “ოცნების” ხელისუფლების დრის ძეგლებს აბრუნებენ, არა მარტო გორში. ჩამოვთვალოთ რამდენ სოფელში დააბრუნეს? და ამაზე გადაწყვეტილებაც წინა ხელისუფლებამ მიიღო?) აგრესიის გამოვლენის გარეშე იქნებ მივეჩიოთ აზრის გამოხატვას, თორემ აგრესია დაგვახრჩობს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s