ორი რუსეთიდან ორ რუსეთამდე, თედო ჯაფარიძე რუსეთ-საქართველოს ომზე 1992 -ში და დღეს

1.თედო ჯაფარიძე, 2013 წელი  – „ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა (იგულისხმება 2008 წლის ომი)რომ სხვებმა არ გაიმეორონ შეცდომები რაც საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილმა დაუშვა.

2.თედო ჯაფარიძე, 1992 წელი – „ბრალდებანი იმაში, რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინა აფხაზეთის წინააღმდეგ მასირებული „აგრესიის“ ან მისი „ოკუპაციის“ ინსპირირება სრულიად უსაფუძვლოა და საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან. უფრო მეტიც, შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ მართებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელახალი დისლოკაცია.

Image

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს ( „ქართული ოცნება“) ერთ ინტერვიუში ჰკითხეს: ქვენ  ასევე ერთხელ ბრძანეთ, რომ სააკაშვილმა 2008 წლის ომის პროვოცირება მოახდინა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს საქართველოსათვის ნატოში სწრაფად მოხვედრის გზა იყო, რას გულისხმობდითო? თედო ჯაფარიძემ ამასთან დაკავშირებით განმარტა: სააკაშვილის  შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ ის რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში გაება. რუსები არაფერს ისეთს არ აკეთებდნენ 2008 წელს, რაც მათ საუკუნეების მანძილზე არ უკეთებიათ. სააკაშვილს ეგონა დასავლეთი მზად იქნებოდა საქართველოსათვის ებრძოლა. სინამდვილეში დასავლეთი ამისათვის მზად არ იყო.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში სხვა და სხვა მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა, მათ შორის აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას, ნათქვამი აქვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და რომ ამ ომთან დაკავშირებით „შესასწავლი და  გამოსაძიებელია რა ხდებოდა? ვინ იღებდა სამხედრო გადაწყევტილებებს.”

თედო ჯაფარიძე:  „ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა, რომ სხვებმა არ გაიმეორონ შეცდომები რაც საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილმა დაუშვა.ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოვაგვაროთ პრობლემები, გავაერთიანოთ საქართველო. იმედი გვაქვს, რომ დასავლეთი დაგვეხმარება. მაგრამ დასავლეთი დაგეხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ რუსეთთან დიალოგის დაწყებას.

1992 წელს თედო ჯაფარიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. მედიაline  გთავაზობთ  ვრცელ ამონარიდს  თედო ჯაფარიძის 1992 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებიდან, რომელიც  აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან, გაგრის დაცემასა და იქ  დატრიალებულ შემზარავ  ტრაგედიასთან დაკავშირებით  გაკეთდა. ესაა თედო ჯაფარიძის 1992 წლის 7 ოქტომბრის გამცხადება უშიშროების საბჭოში, რომელიც კარგი იქნება დაკვირვებით წავიკითხოთ და გავიხსენოთ  დრო, როცა საქართველოს ხელისუფლება  ომს აფხაზეთში თავის სახელს ვერ არქმევდა, ამ ომში საქართველოს მოწინააღმდეგეს  „დემოკრატიული  რუსეთის“ მტრად ასაღებდა,  რომლისთვისაც გაგრის დაცვაზე მნიშვნელოვანი სენაკის და ფოთის გამსახურდიას მომხრეებისგან გაწმენდა  იყო, რომელიც რუსეთთან ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს ცალმხრივად ასრულებდა და ამის შემდეგ მტრის პირისპირ მშვიდობიან მოსახლეობას უიარაღო დამცველების ამარა ტოვებდა.

“არ მეგონა და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მე ამის არა მჯერა”- აცხადებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კოალიცია”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მისი თანაგუნდელი თედო ჯაფარიძე 1992 -ში აფხაზეთში რუსეთის გენერალიტეტის მოქმედებებს  ელცინის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებადაც განიხილავდა. 1992-ში ჯაფარიძე შეცდომად არ მიიჩნევდა აფხაზეთში შინაგანი ჯარების შესვლას რკინიგზის დაცვის და წესრიგის დამყარების მიზნით, პირიქით, ამბობდა, რომ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. 2008-ში საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ცხინვალის რეგიონში კი მისი და ივანიშვილის სხვა თანაგუნდელების აზრით, კატასტროფული შეცდომა იყო. მაგრამ მივყვეთ 1992 წლის გამოსვლას, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თედო ჯაფარიძე  ახსენებს ჰელსინკის მეორე უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიღებულ დეკლარაციას და განაგრძობს :

„ეს დოკუმენტი შეიცავს მოწოდებებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის, აგრეთვე აქ გათვალისწინებულია ამ უმცირესობათა მოვალეობები. საქართველო რომელსაც სრულად აქვს შეგნებული ეს ფუძემდებელი პოსტულატები, განაგრძობდა მოლაპარაკებას აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის  საკითხზე იმ დროსაც კი, როცა იგი იძულებული გახდა გამოეცხადებინა საგანგებო წესები რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის მიმართულებით რკინიგზის დაცვის მიზნით.

რადგან აფხაზეთის ლიდერებმა უარი თქვეს უზრუნველეყოთ იმ საქმიანობის ეფექტიანი შეწყვეტა, რომელსაც ეწევიან აფხაზეთში ბაზირებული ძირგამომთხრელი ჯგუფები, საქართველო იძულებული გახდა მოეხდინა ამ რეგიონში თავისი შეიარაღებული ძალების ხელახალი დისლოცირება. ყოველ სუვერენულ ქვეყანას აქვს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლება ამ სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებში და იურისდიქციაში მყოფი ტერორისტების დევნისა და დასჯის მიზნით. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელახალი დისლოკაცია ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში, ამ შემთხვევაში -აფხაზეთში, იმ მომენტისთვის შექმნილ არახელსაყრელ ვითარებაში ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება იყო.

სამწუხაროდ, ჯარების ამ გადაადგილების პასუხად აფხაზეთის ეროვნულმა გვარდიამ დაიწყო სროლა. ამრიგად, გაჩაღდა შეიარაღებული კონფლიქტი. მისთვის პასუხისმგებლობა  ეკისრებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ ლიდერებს, რომლებიც ინიღბებიან რა დამოუკიდებლობის დაცვის ყალბი ლოზუნგებით, ქვეყანა სისხლისმღვრელი კონფრონტაციის ჭაობში ჩაითრიეს. ბრალდებანი იმაში, რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინა აფხაზეთის წინააღმდეგ მასირებული „აგრესიის“ ან მისი „ოკუპაციის“ ინსპირირება სრულიად უსაფუძვლოა და საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან. უფრო მეტიც, შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ მართებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელახალი დისლოკაცია. ისინი მივიდნენ რუსეთის საზღვარზე და თავიანთი კონტროლი დაუწესეს ამ რაიონს, რითაც ეფექტურად გადაკეტეს ტერორისტული საქმიანობის ეს არხი.

ეს სეპარატისტები ყასიდად აცხადებდნენ, რომ მზად არიან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს განცხადებანი, როგორც გაირკვა მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი კვამლის ფარდა იყო, რომელსაც ამოფარებულებმა დაიწყეს თანამედროვე იარაღის მიღება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ეგრეთ წოდებული კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიდან.

ეს უკანონო ფორმირებანი რუსეთის უკიდურეს სამხრეთში რამდენიმე წლის მანძილზე აქტიურ წინააღმდეგობას უწვედნენ პრეზიდენტ ელცინის დემოკრატიულ მთავრობას და აღვივებდნენ რელიგიური და იდეოლოგიური ფანატიზმისა და  პოლიტიკური ავანტიურიზმის ყველაზე უარეს ფორმებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დასაწყისშივე ამ უკანონო, არასახელმწიფოებრივი და თავისი არსით ტერორისტული ორგანიზაციის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყანა და მისი დედაქალაქი გამოაცხადე ს უბედურების ზონად და მოუწოდეს ტერორისტებს ყოველგვარი საშუალებები, მათ შორის ტერორისტული აქტების განხრციელებისკენ.

საქართველოს ტერიტორიაზე აღწევდნენ და კვლავაც აღწევენ ათასობით ტერორისტი და დაქირავებული მკვლელი. თავიანთი რაოდენობით ისინი ბევრად აღემატებიან აფხაზ სეპარატისტებს.

ფაქტობრივად საქართველოს ჯარები ჩაბმული აღმოშდნენ სრულმასშტაბიან გამოუცხადებელ  ომში დაქირავებულებთან, რომელიც წამოიწყეს ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან. გაისმის ხმები, რომლებიც ცდილობენ საქმე ისე წარმოადგინონ, რომ ამ ომს აქვს ესა თუ ის რელიგიური  ქვეტექსტი. საკითხის ასე დაყენებას საერთო არა აქვს სინამდვილესთან. რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობა ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ კულტრას. ამიტომ კონფედერაციის მაჰმადიანი ფუნდამენტალისტების მოწოდებანი – დახმარება გაუწიონ ერთმორწმუნე აფხაზებს- მოტყუებაა და მიზნად ისახავს ფაქტების დამახინჯებას, ის კი არადა პირდაპირ დაფარვას. არავითარი რელიგიური ქვეტექსტი ამ კონფლიქტს არა აქვს. სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ნახევარი ეთნიკური აფხაზებისა, რომელთა რიცხვი 80000 კაცს შეადგენს, არის მაჰმადიანი, მაშინ როცა მეორე ნახევარი ქრისტიანულ რელიგიას წარმოადგენს.

ძნელი არ არის გამოიცნო რეალური  მიზანი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ისახავენ. საქმე ეხება ცდას – მოწყვიტონ აფხაზეთი საქართველოს.გააერთიანონ იგი ეგერთწოდებულ კონფედერაციასთან და ამრიგად მოიპოვონ ზღვაზე გასასვლელი. შემთხვევითი როდია, რომ აფხაზეთის ახლანდელი დედაქალაქი სოხუმი, ამავე დროს ეგეთ წოდებული კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადდა.

სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მთავრობა ეფექტიანად ვერ აჩერებს დაქირავებულთა შემოღწევას საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მას ჯერ კიდევ არ შესწევს ძალა გადაკეტოს მთის გამავალი ყველა გზა.

7 სექტემბერს მოსკოვში მიღწულ იყო შეთანხმება, რომელიც ეხება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას. ეს უკვე ეცნობა უშიშროების საბჭოს. ამ შეთანხმების ხორცშესხმის მიზნით შეიქმნა სამმხრივი კომისია. მოწესრიგების ღონისძიებათა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული დაქირავებულების განიარაღებისა და განდევნისთვის, რომლებიც რუსეთიდან ჩამოვიდნენ და რუსეთის მოქალაქეები არიან. მიუხედავად ამისა, არც რუსეთის თუ აფხაზეთის წარმომადგენლებს, არც ამ რეგიონში დისლოცირებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფებს არაფერი უღონიათ კონფლიქტის რეალური შეწყვეტის მიზნით.

აფხაზეთიდან დაქირავებულთა გაყვანის ვადები დაუსრულებლად იცვლებოდა და იდებოდა. ამავე დროს იზრდებოდა შეიარაღებულ ფორმირებათა რიცხვი. რაგინდ გასაკვირვიც  იყოს, ამჯერად ისინი ჩამოდიოდნენ რუსეთის ოფიციალური სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი ან მის კონტროლს დაქვემდებარებული პატარ-პატარა ხომალდებით და გემებით. მხოლოდ მაშინ გახდა ცხადი, რომ ფართო მასშტაბის შეთქმულება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, სახელდობრ კი შეთქმულება აფხაზ სეპარატისტებს, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის ნაციონალისტ -ტერორისტებსა და  რუსეთის შიდასახელმწიფო სტრუქტურულ რეაქციულ ძალებს შორის ზედაპირზე ამოტივტივდა და გამოააშკარავა ყველა ჭეშმარიტი მიზანი.

ეს შეთქმულება სამ მიზანს ისახავს, უწინარეს ყოვლისა, იგი მომართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და მზარდი სტაბილურობის წინააღმდეგ. მართლაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის, სტაბილური, ნეიტრალური და აყვავებული საქართველის ნიშნავს მათი ისტორიული იმპერიული ამბიციების დასასრულს.

მეორე, რუსეთის ადგილობრივი სარდლობის მოქმედება, რომელსაც აქვს „გენერალური ამბოხის“ ყველა ნიშანი, მიმართულია დემოკრატიული რუსეთის შიგ გულში, პრეზიდენტ ელცინისა და მის მიერ დაწყებული პოზიტიური პროცესების წინააღმდეგ. ამას უნდა დავძინოთ: უცნაურია რომ პრეზიდენტმა ელცინმა დღემდე არ უარყო ან ყოველ შემთხვევაში არ გაემიჯნა რუსეთის პარლამენტის განცხადებას, რომელიც პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი გახდა აგრესიისთვის.

მესამე, და ამან უნდა გამოიწვიოს ერთა საერთაშორისო გაერთიანების ყველაზე დიდი შეშფოთება, ის რაც შორიდან შეიძლება ლოკალურ სასაზღვრო კონფლიქტად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში   მან შეიძლება შეიძინოს რეგიონული მასშტაბი.  მარტო ადამიანის უფლებათა დარღვევის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ ეს კონფლიქტი უკვე გახდა გლობალური პრობლემა.აქ მინდა შეგახსენოთ რომ იუგოსლავიის კრიზისი დაიწყო და ვითარდებოდა ამავე სცენარით.

სულ რამდენიმე ფაქტი: პოზიციები, რომლებიც საქართველოს ძალებმა დატოვეს მოსკოვის მორიგებათა შესაბამისად,სწრაფად დაიკავა აფხაზეთის მხარემ, ძალთა ამ ცვლას ყველგან ახლდა და ახლაც ახლავს მასობრივ მკვლელობათა, ვანდალიზმისა და მხეცობის აქტიები. გაგრისა და ბიჭვინთის ნავსადგურებში ამ ბოლო სამი-ოთხი დღის მანძილზე  სიკვდილით დასაჯეს 800-ზე მეტი სპეციალურად შერჩეული ქართველი მოქალაქეები.მათი სია წინასწარ შეადგინეს აფხაზური წარმოშობის ადგილობრივმა ექსტრემისტებმა. ალექსანდრე პეტისაშვილი ცოცხლად დამარხეს. დედაშვილი გიგინეიშვილები გულგრილად მოკლეს თავიანთ საკუთარ სახლში.სამხედრო ტყვეებს იყენებდნენ ცოცხალ სამიზნეებად და რამდენიმე მათგანი ცოცხლად დაწვეს. აფხაზეთის ქალაქ გაგრის ახალი ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, მათ ღამით დახოცეს 65 მამაკაცი და ქალი ცენტრალურ პლაჟზე და დამარხეს ისინი საერთო საფლავში.

ჩვენ ოფიციალურად  ბრალად ვდებთ ამ დამნაშავეებს აუწერელი მხეცობის ჩადენასა და არაჩვეულებრივად სასტიკ მოპყრობაში სამხედრო ტყვეებთან, აგრეთვე სამოქალაქო მოსახლეობასთან. სამოქალაქო მოსახლეობა აღმოჩნდა მასშტაბური მკვლელობებისა  და საფრთხის წინაშე. მათ აწამებენ და გამუდმებით ამცირებენ. განზრახული გვაქვს მივმართოთ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით ეს აქტები დააკვალიფიცირონ როგორც სამხედრო დანაშაულობანი და შესაბამისად მოექცნენ მათ ჩამდენ პირებს. ესე იგი მისცენ ისინი სამართალში და საკადრისად დასაჯონ,.

ლაპარაკია გაუთავებლად შეიძლება. ბუნებრივია ისმის შეკითხვა, როგორ მოხდა ეს შესაძლებელი, ვინ იცავს და აქეზებს მე-20 საუკუნის ახალ სისხლისმსმელებს?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსკოვის შეხვედრების დროიდან ჩრდილოკავკადსიელ ტერორისტთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა. „

ეს იყო ამონარიდი  უშიშროების საბჭოში,  1992 წლის 7 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი  მოადგილის თედო  ჯაფარიძის მოხსენებიდან.

ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 5  ოქტომბერს  გაგრის  დაცემას  წინ უძღოდა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების გაფორმება და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ამ შეთანხმების პირობების შესრულება, ოღონდ ცალმხრივად. გაგრის ზონიდან  საბრძოლო  ტექნიკის სრულად გამოყვანა, მაშინ როცა ხელშეკრულებით დაკისრებულ  ანალოგიურ ვალდებულებებს მოწინააღმდეგე მხარე არ ასრულებდა. ეს ის დროა, როცა  საქართველოს ხელისუფლებამ  იპოვა დრო  და სამხედრო რესურსი განდევნილი პრეზიდენტის მომხრეთა წინააღმდეგ ფრონტის გასაახლებლად და მათგან სენაკის „გასათავისუფლებლად.“   

1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გაგრაზე შეტევის წინ ადგილზე  ჩაიტანეს  თავდაცვის სამინისტროდან გაგზავნილი 40 ყუთი ტყვია–წამალი, აქედან ნახევარი უვარგისი, გამოუსადეგარი. 3 ოქტომბერს გაგრაში  4 გემს უნდა ჩაეტანა იარაღი, გემებმა გაგრაში ჩააღწიეს, მაგრამ ისინი პრაქტიკულად ცარიელი აღმოჩნდა. ამ ფაქტების შესახებ აღნიშნული იყო N2292806 ამ ნომრის სისხლის სამართლის საქმეში.

 დასასრულს ციტატა 1992 წლის 5 ოქტომბრის შევარდნაძის ინტერვიუდან: „ველოდით თუ არა  საკითხის ასე გართულებას? პრინციპულად არ ველოდით. მაგრამ ინტუიციითაც და ანალიზითაც ვგრძნობდით, ვხვდებოდით რომ რაღაც უნდა მომხდარიყო ან აფხაზეთში, ან სხვაგან. სამწუხაროდ ჩვენ ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით და არა იმიტომ, რომ ვინმეს არ უნდოდა მზადყოფნა, არამედ ასეთ დროს რთულზე რთულია გათვალო ვარიანტები და ამასთან, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენი რესურსები ძალიან შეზღუდულია, რაც ნორმალურ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს არ გაგვაჩნია.

ჩემი დიაგნოზით საქართველოს წინააღმდეგ შემთქმულებასთან გვაქვს საქმე, რაც გაგრაში მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა.“

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s