გია ჟორჟოლიანის “ღირსების საქმე” და “სულის ამბოხი” 1991-92-ში

ეს ბევრმა უნდა წაიკითხოს ! Image 

გია ჟორჟოლიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი ( კოალიცია ქართული ოცნება)

„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ თავმჯდომარე. უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ  მოსაზრებას რომ  სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“  სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი შემადგენელი სტრუქტურაა.  მისი, როგორც პარლამენტის წევრის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივაა, პარლამენტში დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. „ეს არის საჭირო არა იმისთვის, რომ სააკაშვილი აღარ იყოს პრეზიდენტი, ეს ისედაც ასე იქნება ოქტომბერში, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს დამნაშავე რეჟიმის დამღუპველი მოქმედება ქვეყნისათვის და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი,“- უთხრა  გია ჟორჟორლიანმა ახლახანს სააგენტო „ინტერპრესნიუსს.“

ცოტა რამ მისი ბიოგრაფიიდან:

” სოციალ- დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”  ვებ-გვერდზე ხაზგასმულია, რომ გია ჟორჟოლიანი „ქართველი ინტელიგენტების ოჯახში“  დაიბადა. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-95 წლებში.იყო „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.  ასევე იყო  პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დაფუძნების ინიციატორი. 2012 წელს დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“

გია ჟორჟოლიანი პოლიტიკური აქტივობით 90 -იანი წლებიდან გამოირჩეოდა. მაშინ ის  „ქართველი ინტელიგენციის“ იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელმაც 1991-92 წლებში  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა „ღირსების საქმედ“ მონათლა, გამსახურდიას ხელისუფლების დასამხობად ძმათამკვლელი ომი „ქართული სულის ამბოხად“ – ღირსების და ქართული ეთიკის  გადასარჩენად.

1992 წელს გაზეთში“დრონი“ გია ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა  სტატია სათაურით „რამ დაამარცხა გამსახურდიას რეჟიმი?“  ამ სტატიაში  საქართველოს დღევანდელი  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ამართლებს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის ამბობს:

ა)საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მემკვიდრეობით გადაიცემოდა ადამიანის ღირსების დაცვის ტრადიცია. გამსახურდიას რეჟიმის დროს სწორედ ღირსების გრძნობა იყო შელახული.

ბ)  თუ ინტელიგენცია თავის პროტესტს სიტყვებით გამოხატავდა  ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა იარაღი აისხა და მზად იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად შეენარჩუნებინა ისეთი საზოგადოება, სადაც მისი ღირსება დაცული იქნებოდა.

გ)ყველა სხვა გზა, რომელიც წინ აღუდგება ტრადიციას და საქართველოს ისტორიის წინააღმდეგ მოინდომებს სვლას, დაემხობა, როგორც დაემხო გამსახურდიას რეჟიმი.

დანარჩენი იხილეთ სტატიაში, რომელიც  კარგი იქნება ბევრმა წაიკითხოს! ქართულ საზოგადოებას არ შეუფასებია 90-იანი წლების დანაშაულები,  სწორედ ამიტომ დღევანდელ საქართველოში გია ჟორჟოლიანს არ ეუხერხულება  ილაპარაკოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, ილაპარაკოს “ღირსების საკითხებზე” და არც საზოგადოების  მნიშვნელოვან ნაწილს ეუხერხულობა  გია ჟორჟოლიანი რომ  ისევ პარლამენტის წევრია.

 

გაზეთი „დრონი“

გია ჟორჟოლიანი 

1992 წელი

                                                 რამ დაამარცხა გამსახურდიას რეჟიმი? 

ალბათ, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარი მოვლენები მუდმივად იქნება ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების ანალიზის საგანი. დასკვნებსაც გამოიტანენ, მაგრამ ზოგიერთი რამ შეიძლება ახლაც ითქვას.

ჩემი აზრით, გამსახურდიას რეჟიმის დამარცხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ მან საქართველოს ისტორიული გზიდან გადაუხვია და საპირისპირო მიმართულებით წავიდა.

საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მემკვიდრეობით გადაიცემოდა ადამიანის ღირსების დაცვის ტრადიცია. გამსახურდიას რეჟიმის დროს სწორედ ღირსების გრძნობა იყო შელახული. ადამიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა, პასუხი გაეცა შეურაცხყოფისთვის. ეს მოუთმენელი აღმოჩნდა ქართული სულისთვის და სწორედ ამან ითამაშა მთავარი როლი ქართულ საზოგადოებაში წარმოშობილ წინააღმდეგობაში.

მართალია ქართველები დიდხანს ცხოვრობდნენ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, მაგრამ ერთია თავს მოხვეული კომუნისტური სისტემა, რომლის დროსაც ასე თუ ისე (50 იანი წლებიდან მაინც) გარკვეული ფორმით უზრუნველყოფილი იყო პიროვნული ღირსების დაცვა და მეორე- თვით საქართველოს სინამდვილეში შექმნილი რეჟიმი, რომელმაც მთელი თავისი ძალა სწორედ პიროვნული ღირსების შელახვისკენ მიმართა.

გავიხსენოთ შარშანდელი სექტემბრის მოვლენები. მაშინ ტელევიზიასთან მივიდნენ ადამიანები, ჩვეულებრივი  თბილისელი ბიჭები, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მაღლა საკუთარ ღირსებას რომ აყენებდნენ. ისინი არც ბანდიტები ყოფილან და არც იარაღს ატარებდნენ, მაგრამ როცა მათს ღირსების გრძნობას საფრთხე შეექმნა, მზად იყვნენ დაეცვათ იგი და ის ტრადიცია, რაც საუკუნებრივი პერიპეტიების მიუხედავად, ჩვენში შენარჩუნებული აღმოჩნდა.

ტოტალიტარული აზროვნება უცხო არ იყო საქართველოსთვის. ის იმ გავლენის შედეგია, რასაც ქართველი საზოგადოება განიცდიდა ბოლო ორასი წლის განმავლობაში. გამსახურდიას რეჟიმისთვის დამახასიათებელი ბევრი იდეის ფესვები რუსულ მესიანისტურ ზესახელმწიფოებრივ იდეოლოგიაშია საძებნი. უპირველესად ვგულისხმობ მესიანიზმს ზესახელმწიფოებრივი ინტერესების წინ წამოწევას და პიროვნულის უგულებელყოფას. რასაკვირველია გამსახურდია და მისი მომხრეები ამას არ აცნობიერებდნენ და რეტროსპექტულად ქართულ ისტორიულ შეგნებას მიაწერდნენ. შემთხვევითი არ იყო რომ მაშინ ხშირად იხსენებდნენ შუა საუკუნეების ქართულ სინამდვილეს, დავით აღმაშენებლის პერიოდს და ა.შ ამ იდეოლოგიის გავრცელებას ხელს უწყობდა ბევრი ქართული ისტორიული რომანიც, სადაც რუსული მესიანისტური ზესახელმწიფოებროვი იდეა ქართულ ნიადაგზეა პროვოცირებული. ამას დავუმატოთ ჩვენი მძიმე მდგომარეობა, სახელმწიფოებრივი არარსებობით გამოწვეული კომპლექსები.. ყოველივე ამან ხელი შეუწყო გამსახურდიას იდეოლოგიის გავრცელებას ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში.

სწორედ ასეთმა არანორმალურმა ვითარებამ გამოიწვია ქართული სულის ამბოხი ადამიანის ღირსების შებღალვის წინააღმდეგ. თუ ინტელიგენცია თავის პროტესტს სიტყვებით გამოხატავდა  ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა იარაღი აისხა და მზად იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად შეენარჩუნებინა ისეთი საზოგადოება, სადაც მისი ღირსება დაცული იქნებოდა. ცნობილი ფენომენია- ადამიანი ეწირება იმას, რაც მისთვის სიცოცხლეზე ძვირად ფასობს. ქართველებისთვის სიცოცხლეზე ძვირფასი საკუთარი ღირსების გრძნობა აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ ფეოდალური წყობიდან გვაქვს შენარჩუნებული. ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ პიროვნული თავისუფლება მასობრივი გახადა, მაგრამ ეთიკის ელემენტები დააკნინა. საქართველოში ბურჟუაზიული წყობილება არ ყოფილა და ამიტომ ქართული ეთიკის ტრადიციები შევინარჩუნეთ. ამ ტრადიციების დაკარგვა საქართველოს ისტორიის შეჩერების ტოლფასია.აკუთარი ისტორიის გაგრძელებას მხოლოდ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით შევძლებთ. ბუნებრივია, ისტორიაში სხვაგვარადაც მომხდარა -ერი ინარჩუნებს ენას, მაგრამ სხვა ხალხი ხდება. ვთქვათ დღევანდელი ბერძნები არ არიან ძველი ბერძნების მემკვიდრეები, რამდენადაც მათი ცხოვრების ფილოსოფიას სულ სხვა საფუძველი აქვს. სწორედ ეს გვემუქრებოდა და ამის წინააღმდეგ აღდგა ქართული სული. საქართველოს ისტორიის შეჩერება ვერ მოახერხა ძლიერმა ძალამ-რუსეთმა. ამისთვის მას ქართული საზოგადოება ფიზიკურად უნდა გაენადგურებინა. მაგრამ საქართველოს ისტორია თავისი განვითარების გზიდან გადაუხვევდა, თუ რუსული იდეოლოგია თვით საქართველოში ჰპოვებდა დასაყრდენს, განვითარდებოდა და ქართულენოვან იდეოლოგიად იქცეოდა.

დღეს საქართველო განვითარების ევოლუციურ გზას  ადგას. მას ნელნელა შემოეცლება რუსული თუ სხვა სახის იდეოლოგიური ზეწოლები და პირველ პლანზე წამოიწევს ბუნებრივი ტენდენციები. ურთიერთგაცვლის შედეგად ქართული კულტურა ახალ იმპულსებს შეიძენს და საკუთარ ღირსების გრძნობაზე დაყრდნობით, კვლავ დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოს კულტურული ქვეყნების გვერდით. ყველა სხვა გზა, რომელიც წინ აღუდგება ტრადიციას და საქართველოს ისტორიის წინააღმდეგ მოინდომებს სვლას, დაემხობა, როგორც დაემხო გამსახურდიას რეჟიმი.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s