პრემიერის კაპრიზები

Imageსაქართველოს მთავრობას მართავს კაცი, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკურ ოპონენტებს რა ხანია მოუწოდებს გაჩუმდნენ, რიტორიკა შეიცვალონ და ბოდიში მოიხადონ. მოწოდებას ერთხელ ღია მუქარაც დაურთო, იმის მინიშნებით, რომ თუ  ოპონენტები  კეთილს არ ინებებდნენ და რიტორიკას არ შეიცვლიდნენ „პროკურატურასთან გრძელი რიგები“არ შემცირდებოდა.

ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა ხელისუფლებაში მოსვლამდე: ვეროპაშიც ბევრია ნოდიას ტიპის დემაგოგი, მაგრამ, გპირდებით ასეთი ხალხი ჩემი მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს. მე არავის ვემუქრები გათავისუფლებით, ყველა დარჩება თავის თანამდებობაზე, უბრალოდ გარემო იქნება ისეთი, რომ მოუწევთ რიტორიკის დახვეწა და რეკონსტრუირება. ( 2012 წლის მაისი)

ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ:„ისინი კი ყვირიან და ყვირიან. მათ მხოლოდ სიცრუის გავრცელება ეხერხებათ. ესენი არიან იდიოტები, რომლებსაც არ ესმით, რომ მათი დრო წარსულს ჩაბარდა, უნდა გაჩუმდნენ ან ბოდიში მოიხადონ.“ ( ამონარიდი 2013 წლის აპრილში, „ლე მონდისთვის“ მიცემული ინტერვიუდან) გავლენიან ფრანგულ გამოცემასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იდიოტებად პოლიტიკური ოპონენტები მოიხსენია.

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი განცხადება: „წინასაარჩევნო კამპანია დამთავრდა, აღარ არის რიტორიკის და დაპირისპირებების დრო. ჩვენ ვთქვით რაც ვთქვით, კონკრეტულად კი, ვაღიარეთ არჩევნების შედეგები. ყველამ უნდა პაატივი ვცეთ კონსტიტუციას ზოგადად  და ყველა კანონს უკლებლივ.“

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი განცხადება: „ყველაზე იოლი ჩვენთვის იქნება, რომ მან (სააკაშვილმა) დაწეროს განცხადება და გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები, ყველაფერს ამით ბოლო დაესმევა.“

2102 წლის ნოემბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწია განემარტა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას „ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა“ პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხის დასმაზე. ამიტომ, „აქედან  გამომდინარე პოლიტიკურად და ჩვენი პარტიის მხრიდან და ჩემი მხრიდან იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არ მოხდებაო,“ თქვან მან.

და მაინც ტერმინი „კოჰაბიტაცია“ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის ისეთივე უცხო და გაუგებარი დარჩა, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის საწყის  ეტაპზე იყო. პრემიერ-მინისტრის ამპლუაში თავის ერთ-ერთ პირველ  პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ხომ  ამ ტერმინის განმარტება ითხოვა.

კოჰაბიტაცია  ფრანგული წარმოშობის სიტყვა „თანაცხოვრებად“ ითარგმნება და იმ შემთხვევებშიც გამოიყენება, როცა გაყრილი ცოლი და ქმარი ერთ  ჭერქვეშ ცხოვრობენ და ურთიერთობას ახერხებენ. 

მას შემდეგ რაც  მოკავშირეები საქართველოში, პოლიტიკური მხარეებს, კოჰაბიტაციის პროცესის წარმატებით წარმართვას დაჟინებით მოუწოდებენ, ამ მიმართულებით ივანიშვილმა ერთხანს რიტორიკის შეცვლა მოახერხა და თქვა:„კოჰაბიტაცია ქართველებისთვის ახალი სიტყვაა, მაგრამ შევეგუეთ და ის ჩვეულებრივი რამ გახდა. ჩვენ ვახერხებთ თანაარსებობას ყოფილ ხელისუფლებასთან. ორივე მხარემ, პოზიციამაც და ოპოზიციამაც კინკლაობისა და ჩხუბის მაგივრად უნდა მოვახერხოთ ერთად დგომა.“ თუმცა, მანამდე  ნათქვამი ჰქონდა:“ კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან უნდა დავამყაროთ ურთიერთობა.“ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ასე ხელაღებით   კრიმინალებად  მოხსენიება ივანიშვილის გუნდში ჩვეულებრივი ამბავია. ამ  ჩვევის თუ კაპრიზმის  გამო “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ქვეყნის გარეთაც შეუქმნიათ უხერხულობები. მათ სჭირდებათ მიანიშნონ, რომ არსებობს  უდანაშაულობის პრეზუმფცია და ის დასაცავია, მაგრამ დავუბრუნდეთ ყბადაღებულ კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით ბ-ნ ივანიშვილის რიტორიკას და ქცევას.

საქმე ისაა, რომ რიტორიკის პერიოდული შერბილება ქცევაზე არ აისახება. დასავლეთიდან, მათ შორის დასავლური პრესიდან კრიტიკის გამო პრემიერ-მინისტრს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიაქვს შეტევა და მის წარმომადგენლებს ხან  დასავლეთის ‘სიცრუეში შეყვანაში“ ხან  „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენაში ადანაშაულებს, პერიოდულად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შესაძლო დაკავებებზე მიანიშნებს. რომელიმე ჟურნალისტის შეკითხვა როცა არ მოსწონს  ბრაზდება და  კითხულობს: შეკითხვის ავტორი რომელი ტელეკომპანიიდანაა ან რედაქციიდან? შემდეგ  თავს ესხმის ჟურნალისტს და ნაციონალების “რუპორს” უწოდებს.

“ჩემი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ამ დანაშაულებრივ სისტემასთან ბრძოლა. ჩემი მიზანი იყო და რჩება დღესაც იგივე. არასდროს არ ყოფილა ჩემი მიზანი ხელისუფლებაში სავარძლისთვის მოსვლა… და არც ვინმეს დასჯა და შურისგება. ეს არ არის ჩემი ხასიათი. მე მინდა, რომ საზოგადოებამ და, მათ რიცხვში საერთაშორისო თანამეგობრობამაც, კარგად დაინახოს ეს დანაშაულებრივი სისტემა,“- განაცხადა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ასე, რომ უკვე ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი მიზანი უცვლელია და ესაა  ბრძოლა ისევ სააკაშვილის „დანაშაულებრივ სისტემასთან.“ ერთ აბზაცში  ნათქვამი: „ ჩემი მიზანი არ ყოფილა შურისგება და ვინმეს დასჯა,“ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა  სხვა ფრაზასთან: „მე მინდა საზოგადოებამ და მათ რიცხვში საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ეს დანაშაულებრივი სისტემა,“ და აგერ უკვე მე-9 -ე თვეა საზოგადოება მოწმეა ერთის –  „სამართლიანობის აღდგენის.“  9 თვეა საქართველო დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებული  ძალის მიერ დამარცხებულ ძალაზე ანგარიშსწორების რეჟიმში ცხოვრობს.

პირადი კომპლექსები და ამბიციები თუ უფრო მეტი?

ერთხელ პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის განცხადებას ასე გამოუხმაურა:”გუშინ საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ თურმე საქართველომ მოიგერია ამერიკის და ევროპის შემოტევა. ეს დაახლოებით იგივეა – დავით აღმაშენებლის დროს რომ ეთქვა რომელიმე ქართველს, ჩვენ მოვიგერიეთ ჯვაროსნების შემოტევაო. მაშინ დიდგორი კი არა,  საქართველოც არ იქნებოდა. დღეს, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მოგერიებით, თან ამის პარალელურად, მეორე დღესვე უშვებ რუსეთის ჯაშუშებს, ამის შემდეგ მითხარით, როგორ არ უნდა გვქონდეს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორისთვის ძირის შეგნებული გამოთხრა ხდება.”

პუტინის ციხის სლენგთან შერწყმული ენა თავიდან შოკის მომგვრელი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ბიძინა ივანიშვილი რუსული სივრცის კაცია და მისთვის  დამახასიათებელი, საჯარო პირისთვის შეუფერებელი უცნაური გამოთქმები: დავაი, იმენნა, სიხიტრე  გვაქვს, მუჟიკი და ასე შემდეგ, მინიმუმ   უხერხული მოსასმენი უნდა იყოს მისი მომხრეებისთვისაც. ამბობს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და ერთი სული აქვს როდის მიიყვანს საქმეს ბოლომდე, როდის „გავა პოლიტიკიდან.“ თუ მის მიერ გაცხადებულ მიზანს გავიხსენებთ, საქმის ბოლომდე მიყვანაში ეგეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენა ანუ საქართველოში ერთადერთი, ანგარიშგასაწევი, პროდასავლური ოპოზიციური ძალის პოლიტიკური სივრციდან განდევნა  უნდა  ვიგულისხმოთ, ამ  ძალის ივანიშვილისთვის “სასურველი ოპოზიციით” ჩანაცვლება და ასეთი “დემოკრატიით” ევროპის გაოცება.

რას ებრძვის  ბიძინა ივანიშვილი?

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის მიზეზი ისიც იყო, რომ ამომრჩეველი დაიღალა ერთი და იგივე ძალის ხელისუფლებაში ყოფნით და დაიღალა შიდა  დაპირისპირებების, განსაკუთრებით კი აგვისტოს  ომის ემოციითაც,  რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს ახლდა, მისი სურვილი უნდა ყოფილიყო ქვეყნის სათავეში მოსულიყო დამამშვიდებლი, დამაბალანსებელი, უფრო სამართლიანი, ხალხზე უფრო მეტად ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. ივანიშვილის ამომრჩეველის ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამოცხადებული  ომის დასრულებას  ახლა იმის იმედით ელოდება, რომ ამის შემდეგ მოიცლის მთავრობა ხალხისთვის.

“სამართლიანობის აღდგენის“ მთელ ამ ვაკხანალიას, ახლავს კრიმინალური ფონის დამძიმება, ყოფილი პატიმრების ქუჩის პოლიტიკურ პროცესებში გამოყენება და არასახარბიელო ეკონომიკური მონაცემები. იოლი დასანახია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული  „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს მომხრეებში შეინარჩუნოს იგივე რევოლუციური  მუხტი, რაც მას არჩევნების წინ შეუქმნა, წინ კი ისევ არჩევნებია.

ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის თემად იქცა „სამებაში,“ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდზე გადაღებული ფოტოები, რომელიც  პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ასახავს. ამ ფოტოებზე ვხედავთ: როცა პრეზიდენტი მიდის და  ხელს ართმევს პრემიერს, პრემიერი  გაურბის  შეხედოს მას. როცა პრეზიდენტი ხელს ართმევს პრემიერის მეუღლეს და ამ დროს მისი დაჟინებული მზერა  ისევ პრემიერისკენ არის მიმართული, პრემიერი თავის ასევე დაჟინებულ მზერს სხვა მხარეს მიმართავს. ეს მრავლისმეტყველი  ფოტოები ივანიშვილის მომხრეებმა და სააკაშვილის მომხრეებმა სხვადასხვაგვარად აღიქვეს. ერთ მხარე სააკაშვილის მზერამ  აღაშფოთა, მეორე კი ივანიშვილისამ. დაკვირვებული თვალი კი ივანიშვილის მზერაში  ანგარიშსწორების ჯიუტ  მოლოდინს დაინახავდა, სააკაშვილის მზერაში  გაბრაზებას. მისი მცდელობები, რამენაირად  შეიყვანოს  ივანიშვილი  კონსტრუქციული პოლიტიკური ურთიერთობების სივრცეში  ამაოა. ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვისა და „ჯიჰადის“ სახელით მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების გავრცელების შემდეგ ორჯერ მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა და  პრემიერმა ორჯერვე უარი თქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე. ბოლო- ჯერზე ივანიშვილმა თქვა, რომ მისთვის უინტერესო იყო  განსახილველი საკითხები, არადა ესენი იყო: ავღანეთში  თავადსხმა ქართულ ბაზაზე, რასაც მოყვა 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა  და „ჯიჰადის“ სახელით გავრცელებული მუქარის ვიდეო-რგოლები.

ბიძინა ივანიშვილი გულწრფელია, აკი ნათქვამი აქვს პოლიტიკა ჩემი  საქმე არაა, კოჰაბიტაცია კი ხელოვნურად ვერ გამოვაო. მაშ რა ამოძრავებს მას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს?  რა არის რეალური მიზანი, რამაც  პოლიტიკაში და ხელისუფლებაში მისვლა გადააწყვეტინა? ამ შეკითხვებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პასუხი მოეძებნება: “მე მინდა, რომ საზოგადოებამ და, მათ რიცხვში საერთაშორისო თანამეგობრობამაც, კარგად დაინახოს ეს დანაშაულებრივი სისტემა.“

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა. 2008 წლის აგვისტოში დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა იყო გადამწყვეტი საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინსვლის შესაჩერებლად. ამერიკის შეერთებულ შტატებში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების გამო, რადგან მიაჩანით, რომ ეს დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულს ჰგავს, ესაა შეშფოთება  საქართველოს იმ გზით სვლის გამო, რა გზითაც ის ივანიშვილს მიჰყავს.

რუსეთი საქართველოს დამპყრობელია. მისი ლიდერი, ვლადიმირ პუტინი კმაყოფილებით ამბობს, რომ ხედავს საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს. ესაა დაუძინებელი მტრის კმაყოფილება საქართველოს იმ გზით სვლის გამო, რა გზითაც ის ივანიშვილს მიჰყავს.

რა შეიძლება მოუტანოს რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ  ქვეყანას და  მის მმართველ ძალას შიდა ომით მართვამ?

“სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ომის ციებ–ცხელებითაა მოცული, უნდა საზღვრავდეს, რომ ამ მანქანის  დაძვრის შემდგომ იგი არა პოლიტიკის ოსტატი, არამედ გაუთვალისწინებელ და უკონტროლო მოვლენათა ტყვეა.“

 უინსტონ  ჩერჩილი

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s