ჩვენი 26 მაისი

Image1918 წლის 26 მაისს თბილისში, ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტშიც ჩაიწერა საუკუნეების მანძილზე ნაოცნებარი: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ისევ გაჩნდა შანსი  ახლა უკვე საბჭოთა რუსეთის მარწუხებიდან თავის დაღწევის, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვა, რომ მხარს უჭერდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.“  ასე დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს ახალი  სიცოცხლე, რომელშიც ეროვნულ დღესასწაულად 26 მაისი იქცა. პირველი სამხედრო აღლუმიც ამ დღეს ჩაიბარა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. 1991 წლის 26 მაისს მიულოცა მან პირველ ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს  დამოუკიდებლობის დღე და გადასცა საბრძოლო დროშა. 1992 წლის 26 მაისს ამ თარიღის აღნიშვნისთვის აღარავის ეცალა. სამხედრო დანაყოფები, რომლებმაც 1991 -ში მთავარსარდალს სამხედრო ფიცი მისცეს სამოქალაქო დაპირისპირებაში იყვნენ ჩართულები. 

1992 -ის მაისში აფხაზეთისთვის მიდიოდა ბრძოლა ,ქვეყანას კი ჯერ კიდევ სახელმწიფო საბჭო მართავდა ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით.მაშინ, 26 მაისს თბილისში ჩატარდა  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სამხედრო აღლუმი. იმ უმძიმესი პერიოდის საქართველოში ედურად შევარდნაძის ხელისუფლებაც შეეცადა დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნა ტრადიციად დაემკვიდრებინა, მაგრამ მხოლოდ 1997 წლის ჩათვლით. პარადოქსი იყო, რომ ქართულ არმიას რუსი გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე ესალმებოდა, მაგრამ  ღონისძიება ტარდებოდა. ბოლოს უარის მიზეზად უსახსრობადასახელდა. იმ პერიოდში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები ყოველ 26 მაისს გამოთქვამდნენ  წუხილს  ეროვნული დღესასწაულის უღიმღამო ღონისძიებებით ჩატარების გამო.  ტრადიცია შევარდნაძის  ხელისუფლების “ვარდების რევოლუციით” შეცვლის შემდეგ კიდევ ერთხელ აღდგა. 

2004 წლის 26 მაისს თბილისში, 300 არაგველის ძეგლთან გაიმართა  საქართველოს სამხედრო ძალების – როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების – დემონსტრირება.ამ დღიდან მოყოლებული სააკაშვილის ხელისუფლება ეროვნულ დღესასწაულს სამხედრო აღლუმით სისტემატურად აღნიშნავდა. გამონაკლისი  2009 წლის 26 მაისი იყო. მართალია, საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მნიშვნელოვანი  სიმბოლური დატვირთის იქნებოდა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი დამოუკიდებლობის დღეს არმიას  მისალმებოდა, მაგრამ  ხელისუფლება იძულებული გახდა ამაზე  უარი ეთქვა. რადიკალურმა  ოპოზიციამ 26 მაისისთვის დაგეგმა ”სახალხო აღლუმი” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.  იმ 26 მაისს მიხეილ  სააკაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგებისას თქვა: დღემდე  ვებრძვით იმ სიმახინჯეს, რაც დაგვიტოვა რუსეთის იმპერიაში ყოფნამ, ვებრძვით და ეს სიმახინჯე ჩვენ გვებრძვის თუნდაც ამ დღეებშიო.

ახლო წარსულის 26 მაისები გასახსენებელია იმაზე დასაფიქრებლად, როგორ მივედით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნის ტრადიციის კიდევ ერთხელ უარყოფამდე, რა ძალები  უწევდნენ წინააღმდეგობას  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნას.

ისევ 2009 წელს დავუბრუნდეთ: 12 მაისს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე ხელისმომწერები, მათშორის დღევანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  ხელისუფლებას მოუწოდებდნენ 26 მაისს არ ჩაეტარებინა  სამხედრო აღლუმი.” ზეიმის დრო ახლა არ არის. მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და გარე საფრთხეები რეალურია, გაუმართლებელია ამ ვითარებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და ტექნიკისათვის დისლოკაციის ადგილის შეცვლა და ამით თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტება,“ ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელსაც  ნანუაშვილი და სესიაშვილიც აწერდნენ ხელს. 2 წლის თავზე – 2011 წლის მაისში –  თბილისში ისევ რადიკალური ოპოზიციის საპროტესტო აქცია  მიმდინარეობდა და  აქციის ორგანიზატორმა  ნინო ბურჯანაძემ „ღირსების საქმედ“  გამოაცხადა  რუსთაველის პროსპექტზე  დამოუკიდებლობის დღისთვის  დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლა.ერთმანეთის დაუპირისპირდა ბურჯანაძის „ღირსების საქმე“ და საქართველოს ეროვნული დღესასწაულის გეგმის მიხედვით აღნიშვნის საქმე და მოხდა ტრაგედია. 2011 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა საპროტესტო აქციის დაშლისას გარდაცვლილების ოჯახებს, მან საზოგადოებას მოუწოდა იმის გააზრება თუ  რა ძალებს და რატომ უნდოდათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ჩაშლა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, აგვისტოს ომის წინ,  ოპოზიციის ერთმა ნაწილმა  სწორედ 26 მაისს გამოაცხადა ახლადარჩეული პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ და ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ოპოზიციის საპროტესტო აქციით ჩაანაცვლა. აქციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ იმ დღეს თავის საჯარო გამოსვლაში ოპოზიციის ბრძოლას “არა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ მსოფლიო გეოპოლიტიკის წინააღმდეგ” ბრძოლა უწოდა.

ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო  სამხედრო აღლუმის  გარეშე აღინიშნება. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ ასე  გადაწყვიტა. მისი წარმომადგენლების აზრით დამოუკიდებლობის დღეს არაა საჭირო არმიასთან მისალმება იმ ფორმით, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა და თანხა, რომელიც სამხედრო აღლუმის გამართვაში იხარჯებოდა  ზედმეტი ხარჯი იყო.  „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 26 მაისის მხოლოდ  სახალხო ზეიმით აღნიშვნის ტრადიციას  აბრუნებს. აქ უნდა გავიხსენოთ უკრაინის  მაგალითი. 24 აგვისტო – უკრაინის დამოუკიდებლობის დღე –  ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობისას სხვადასხვა ღონისძიებებით და მათ შორის სამხედრო აღლუმით აღინიშნებოდა. ქვეყნის სათავეში ვიქტორ იანუკოვიჩის  მოსვლის შემდეგ ამ ტრადიციაზე უარი ითქვა. იანუკივიჩმაც დამოუკიდებლობის დღის საზეიმო სამხედრო აღლუმის გარეშე და სახალხო საზეიმო  ღონისძიებებით აღნიშვნა არჩია.

საკითხავია რა გახდა საქართველოში დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმის გარეშე  აღნიშვნის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი: მართლაც მხოლოდ  ფინანსების დაზოგვა და  „ქართული ოცნებაში” გაზიარებული წარმოდგენა იმაზე, რომ თურმე იმ სახის აღლუმების ჩატარება, რაც საქართველოში  ტარდებოდა  მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნისათვის,  თუ სახეზეა ახლა უკვე ამ ტიპის კომპრომისი, აქაოდა იქნებ  ესეც რამენაირად შეეწიოს რუსეთთან  ურთიერთობების „დალაგებას.”

 ეროვნულ დღესასწაულებს  საზეიმო სამხედრო აღლუმით ევროპის არა ერთ ქვეყანაში აღნიშნავენ, მაგალითად ბასტილიის აღების დღეს საფრანგეთში, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს არმიას ესალმებიან პოლონელები. ნაციონალური დღესასწაულები საზეიმო სამხედრო აღლუმით აღინიშნება ბალტიისპირა  სახელმწიფოებშიც.

2013 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური სატელევიზიო მიმართვით მოგვილოცავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მისი  გადაწყვეტილებით 26 მაისს  ტრადიციული სამხედრო აღლუმს ვერ ჩაიბარებს ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებდა:„აღლუმი არის სახელმწიფოს სიმბოლო,თუ ჩემი პრობლემაა მზად ვარ წავიდე ავღანეთში და იქ,  ჩვენს  მცირე კონტიგენტთან ერთად შევხდე დამოუკიდებლობის დღეს. მზად ვარ  არ ჩავიბარო, თავად ჩაიბარონ, ოღონდ გაატარონ ჯარი, ეს მნიშვნელოვანია.“  

სხვისი არ ვიცი და მე კარგად მახსოვს იმ 26 მაისის ემოცია, როცა დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ისევ ვნახეთ საზეიმო სამხედრო ცერემონია. 2004 წლის 26 მაისი, სამხედრო აღლუმით, ახალი ჰიმნით და სახელმწიფოს ახალი გერბით.

„ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის… აი, დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა!..“-  ასე, საუკუნის წინანდელი 26 მაისის ემოციას   ქართველი მამულიშვილი  ზურაბ ავალიშვილი აღწერდა. 

გილოცავთ  26 მაისს

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s