“სიყვარულის” ტრაქტატი

Imageკარგა ხნის წინ, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ერთი ასეთი ამბავი მოხდა: ახალგაზრდა ქართველმა  კაცმა რუსი ქალის ცოლად შერთვა გადაწყვიტა, მისმა მშობლებმა კი არ ისურვეს, როგორც ჩვენში  იტყოდნენ 2 დღის გაცნობილი უცხოელის რძლობა და თავისიც გაიტანეს. მშობლებზე გაბრაზებულმა შვილმა ცენტრალურ ტელევიზიაში იჩივლა, ცენტრს მაშინ მოსკოვს უწოდებდნენ, ცენტრალურ ტელევიზიას კი რუსეთის პირველ არხს. ამ  „ცენტრალურ“ ტელევიზიაში იყო გადაცემა სახელად „ვზგლიადი“ – გამოირჩეული ქართული თემების თანმიმდევრული გაშუქებით, არაკეთილისმოსურნის პოზიციიდან. სწორედ, „ვზგლიადმა“ დაუთმო ეთერი ბათუმელი ლევანის დაპირიპირებას საკუთარ მშობლებთან, რომლებმაც არ შეუშვეს ოჯახში რუსის ქალი. ამ  ისტორიას ეხმაურება ტარიელ ჭანტურია თავის ერთ-ერთ ძველ სტატიაში “ვიდეო-ვენდეტა. “„ვზგლიადის“ ეთერში “დამწყებმა რენეგატმა” ატრიალა დანა, აგინა დედ-მამა და აფურთხა სამშობლოო იხსენებს ის და განაგრძობს, რომ  ამ ამბავთან დაკავშირებით ტელეჟურნალისტმა კომენტარი  საქართველოს საქმეების „ცნობილ ექსპერტს“ ვლადიმირ ცვეტოვს სთხოვა, მან კი დადო დასკვნა, რომ ქართველებს ინტერნაციონალიზმზე ლაპარაკი  უყვართ,  სინამდვილეში კი პირწავარდნილი ნაციონალისტები არიან. რადგან  რუსმა  „ექსპერტმა”  ერთ ქართულ ოჯახში დატრიალებული კონფლიქტი ასე განავრცო და ქართველებს პირწავარდნილი ნაციონალისტები გვიწოდა  ტარიელ ჭანტურიამაც შორიდან  დაწყება და ორი სიყვარულის გახსენება გადაწყვიტა : 

„პირველი: გაიგო თუ არა რომ რუსი პოეტი ალექსანდრ გრიბოედოვი მისი მშვენიერი ქალის ხელს თხოულობდა, გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა, ინფანტერიის  გენერალმა, თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ სულითა და გულით დალოცა შეყვარებულები და საქორწილო სამზადისი ბრძანა!

მეორე: გაიგო თუ არა, რომ მისი ვაჟი ანდრეი ქართველი ქალის თხოვნას აპირებდა, დიდმა რუსმა მწერალმა და მორალისტმა, „აღდგომის“ ავტორმა  ლევ ტოლსტოიმ ქოში უკუღმა ყარა  და  იმდენი ქნა საქორწილოდ  გამზადებული წყვილი უღმერთოდ გაჰყარა…..  როგორც გინდა გაამტყუნე! როცა საქმე საკუთარ  სისხლსა და ხორცზე  მიდგა, თვით გენიალური ტოლსტოიც არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ და მხოლოდ მამაა და ისიც აძლევს თავს ზოგჯერ ამგვარ უფლებას, აქვს მასაც ასეთი ადამიანური თუ ტრადიციით ნაბოძები სისუსტეები…  ასე, რომ  თვით ტოლსტოის მაგალითის განზოგადებაც არ შეიძლება! მით უმეტეს არ შეიძლება ერთი პროვინციელი, უბირი ცოლ-ქმრის მაგალითის განზოგადება, რომლებიც გაგიჟდნენ და გადაირივნენ! და მოიქცნენ დაახლოებით ისე, როგორც ლევ ტოლსტოი! არც ერთ ქართველს აზრად არ მოსვლია ემტკიცებინა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე ლევ ტოლსტოიზე კარგი კაცია, თუმცა თუ ცვეტოვის პოზიციაზე დავდგებით, მოხმობილი მაგალითის მიხედვით სხვაგვარი დასკვნის გაკეთება გაჭირდებოდა. თუ ის კანონი სწორია, რომ ამა თუ იმ ერზე მისი უკვდავი შვილების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ ცვეტოვს თავისი ნაჩქარევი დასკვნის გადახედვა მოუხდება – მან ალ. ჭავჭავაძე და ქართველები უნდა ინტერნაციონალისტებად ჩათვალოს, ლევ ტოლსტოი და რუსები კი ნაციონალისტებად! მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ცვეტოვმა არ იცის, ამგვარი დასკვნა სისულელე რომ იქნებოდა!“ – წერს ტარიელ ჭანტურია.

ყოველგვარი განზოგადების გარეშე: გენიალური რუსი მწერლის ვაჟის მოგზაურობა საქართველოში და მისი შეხვედრა მომხიბვლელ ელენე გურიელთან, ელენესთვის საბედისწერო აღმოჩნდა. თავად გურიელის ასული ანდრეი ტოლსტოიმ  ბათუმში  გაიცნო და  რამდენიმე დღეში ცოლობა სთხოვა. მშობლებთან შეთანხმების გარეშე ქალი წინადადებას ვერ მიიღებდა და ანდრეიც სასწრაფოდ გაეშურა გურიაში – გურიელებისგან თანხმობის მისაღებად. მან თანხმობა მიიღო და  გეზი უკვე  მოსკოვისკენ აიღო. ანდრეის  გადაწყვეტილების შესახებ ახლა უკვე   საკუთარი მშობლებისთვის უნდა ეცნობებინა და 2 კვირაში უკან უნდა დაბრუნებულიყო. ქორწილი დანიშნული იყო, ელენე თბილისში წაიყვანეს კაბის შესაკერად, ორი კვირის თავზე  კი მოვიდა წერილი, რომელშიც  სასიძო საპატარძლოს წერდა: ნუღარ დამელოდები, სხვას ვირთავ ცოლადო. 1898 წლის ზაფხული იყო, ელენე გურიელი მიღებულმა ცნობამ ისე შეურაცხყო რევოლვერიდან ტყვია გულში დაიხალა. მიღებული ჭრილობა მძიმე აღმოჩნდა, ლოგინს მიჯაჭული ქალი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მოსკოვში ჩასული ნინო ნაკაშიძისთვის ( ანდრეი ტოლსტოის საქართველოში სწორედ ნაკაშიძეები მასპინძლობდნენ) ლევ ტოლსტოის ცოლს უკითხავს:“ თქვენ იცნობთ კნიაჟნა ელენე გურიელს? როგორი ქალია? ლამაზია?“და იქვე დაუყოლებია:“ ამბობენ, ლამაზია და საუცხოო ქალია და მერე რა ჰპოვა ჩემს შვილში, რომ მისი გულისთვის თავს იკლავდა? კარგია, რომ არ მომკვდარა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ქარაფშუტაა ჩემი შვილი.“ 

რისი გულისთვის? როგორც ჩანს ეს მაშინ თვით ლევ ტოლსტოის ოჯახშიც გაუგებარი დარჩა. არადა, 1898 -ის  ზაფხულში საქართველოში დანიშნული ქორწილი რომ შემდგარიყო, ქარაფშუტა ანდრეის და მშვენიერი ელენეს სიყვარულის ისტორია, ალბათ ერთმორწმუნე ქართველი და რუსი ხალხის „ ერთობის „ კიდევ ერთ, დიდ სიმბოლოდ იქცეოდა.

P.s. დავუბრუნდეთ ისევ ტარიელ ჭანტურიას ძველ სტატიას “ვიდეო-ვენდეტა,” რა სახალისო სანახავი  იქნებოდა დღეს  მასში ნახსენები იმ “ცენტრალური” არხის გადაცემა “ვზგლიადი:”მშობლებზე გაბრაზებული ლევანი, მისი ოჯახური დრამით შეშფოთებული ცვეტოვი და შემდეგ, ცალკე  ცვეტოვის მიერ ქართველების ნაციონალისტებად მოხსენიებით და ცალკე  “ცენტრალურ” არხზე ქართველი ახალგაზრდის მიერ მშობლების საქციელის  დაგმობის ფაქტით გადარეული ქართული, მარად “საბჭოთა ელიტა.”  ვისაც ის პერიოდი კარგად ახსოვს, ამბობს, რომ ტელე-ეკრანებიდან  ბოლო ხმაზე გაყვიროდნენ: ვის გაუბედეს ნაციონალისტებად მოხსენიება თავად შოვინისტებმაო. ტარიელ ჭანტურია თავის სტატიაში ახსენებს,  ამ საკითხზე “საინტერესოდ” ისაუბრეს რეზო ამაშუკელმა და სხვებმა და მეც მაქვს სათქმელიო”:)

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s