საქართველო რუსეთის მავთულხლართებში

Imageსაქართველოში,  რუსეთის მიერ 2008 წელს გავლებული საოკუპაციო „საზღვრის“ მახლობლად ახალი მავთულხლართები გაჩნდა. ოკუპანტებმა ამ მავთულხლართებით  შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობის ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები გაყვეს. სოფელ გუგუტიანთკარში, ამ დღეებში ასულ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ადგილობრივებმა დაუდასტურეს, რომ მათი ბაღები და ეზოები 2 კვირის წინ გაიყო.

ქართულ სოფლებში საოკუპაციო  მავთულხლართების გავლების ახალი ფაქტების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა  ანდრო ბარნოვმა გაახმაურა. მან  გაავრცელა ადგილზე გადაღებული ფოტო და   ვიდეო მასალა და  თავის საჯარო გამოსვლებში მთავრობას მათზე რეაგირებისკენ მოუწოდა. საჯარო განცხადებებში  რწმუნებულმა დასვა შეკითხვები: რას ნიშნავს რუსეთის ასეთი საქციელი მაშინ, როცა ახალი ხელისუფლების პირობებში,  საქართველოში არის გარკვეული მოლოდინები რუსეთთან ურთიერთობების დათბობის და რას ნიშნავს ახალი ხელისუფლების დუმილი საქართველოს  სოფლებში  ახალი ‘საზღვრების“გაჩენაზე?

ამის შემდეგ, როცა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს კომენტარი შიდა ქართლის სოფლებში მომხდარზე, მან თქვა, რომ მავთულხლართების გავლების შესახებ არ სმენია.მოგვიანებით  იყო შინაგან საქმეთა მინისტრის გამოხმაურებაც. “ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ,” თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ პრესკონფერენციაზე და იქვე  საჭიროდ ჩათვალა განემარტა:„ითქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს მალავს. მინდა მათ შევახსენო, მავთულხლართების გაბმის პროცესი ერთი წლის წინ არის დაწყებული. ეს არ დაწყებულა ჩვენი ხელისუფლების დროს.“’

ცალკე აღსანიშნავია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რეაქცია. საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პაატა ზაქარეიშვილმაც იმას გაუსვა ხაზი, რომ პროცესი დღეს არ დაწყებულა. ესაა 2008 წლის ომის შედეგიო  უთხრა მან დეპუტატებს და დასძინა, რომ დეოკუპაციის მიღწევისთვის  საქართველოს მხარემ უნდა შეძლოს დალაპარაკება მავთულხლართების მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან. ნათქვამში აფხაზები და ოსები იგულისხმებოდნენ,  აფხაზებამდე და ოსებამდე კი მავთულხლართების მიღმა რუსი ოკუპანტები დგანან. სწორედ მათი მიზეზით იყო, რომ სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დავით ვანიშვილი ორიოდე კვირის წინ საკუთარი ეზოდან გარეთ გამოსვლისთანავე დააკავეს. მიზეზი იყო ის, რომ ვანიშვილი ახლადგავლებული მავთულხლართის მიღმა აღმოჩნდა.

ხურვალეთის მსგავსად გუგუტიანთკარშიც, ადგილობრივები ახალი მავთულხლართების მიღმა რუსების მოძრაობას ეზოებიდან და სახლებიდან ადევნებენ თვალს. ასეთია 2008 წლის ომის შედეგი, რომელზე  საუბრისასაც ივანიშვილის მთავრობის წევრები უფრო საქართველოს პრეზიდენტს საყვედურობენ, ვიდრე რუსეთისას. “სამწუხაროდ მავთულხლართები იმ მანკიერი პოლიტიკის შედეგია, რაც სააკაშვილმა განახორციელა და რამაც რუსული ოკუპაცია მოიტანა.“- ესეც სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებია.

აგვისტოს ომის შედეგების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის  2008 წლის სექტემბრის ანგარიშიდან:

“ამა წლის 8 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო გუგუტიანთ კარის და მიმდებარე სოფლების დაბომბვა. შეშინებულმა მოსახლეობამ დაიწყო სოფლის დატოვება. 9 აგვისტოს რუსული თვითმფრინავების მიერ საჰაერო იერიში განმეორდა. რაზმაძე გულომ ამავე დღეს დატოვა სოფელი. გზად შემხვედრმა ელზა გუგუტიშვილმა ჩაიყვანა სოფელ სასირეთამდე, ხოლო უცნობმა მძღოლმა მეტეხამდე,  მეტეხიდან კი თბილისში. გულო რაზმაძეს 6 წლის შვილიშვილს შეერყა ფსიქიკა. იგი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რესპოდენტის მეუღლე გივი რაზმაძე ოჯახის წასვლის შემდეგ წავიდა ქ.გორში. მასთან ოჯახის წევრებს კონტაქტი არ აქვს.“

2009 წლის  22 სექტემბერს, ევროპის რამდენიმე   წამყვან გაზეთში გამოქვეყნდა ღია წერილი სათაურით „ევროპა მხარში უნდა  ამოუდგეს საქართველოს“ და აი, რას აღნიშნავდნენ ამ წერილში მასზე ხელმომწერი  გავლენიანი ევროპელი მოღვაწეები: “ჰიტლერმა პოლონეთს დააბრალა სამხედრო მოქმედებების დაწყება 1939 წელს, სტალინმა კი ფინელებს დასდო ბრალი, როცა 1940 წელს შეიჭრა მათ ქვეყანაში. ამის მსგავსად, საქართველოსა და რუსეთის შემთხვევაშიც, კრიტიკული საკითხი იმის დადგენაა, რომელი ქვეყანა შეიჭრა რომელში და არა ის, თუ რომელმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველი ტყვია.“

გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის აგვისტოს თავდასხმამდე  60 -ამდე ოჯახი ცხოვრობდა: ოსებიც და ქართველებიც. ამ სოფელში, ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის წილმა  90-95% შეადგინა. დაცლილ სოფელში დიდხანს დათარეშობდნენ  შეიარაღებული  ჯგუფები. ადგილობრივი მოსახლეობის ( ქართველების და ოსების) დასაბრუნებლად უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო საჭირო. ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მოქცეულ სოფელს  საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა.  2012 წლის ზაფხულში ქართველმა სამართალდამცველებმა დაამტებითი საგუშაგოს გახსნით სოფლის გაკონტროლება შეძლეს და მაშინ  ევროკავშირის მისიამ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ცნობაში  აღნიშნა: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა ზარდიაანთკარში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს ხელისუფლების  წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ ზარდიაანთკარში გახსნილი საგუშაგო ქართული მოსახლეობის  უსაფრთხოების გარანტიაა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ ხაზი გაუსვეს, რომ სურთ უზრუნველყოფილი იყოს სოფელში მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი თავისუფლად გადაადგილება.

ეს ისტორია იმიტომ გავიხსენეთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა ერგნეთში მას შემდეგაც ჩატარდა, რაც   შიდა ქართლის სოფლებში ახალი გამყოფი მავთულხლართების გავლების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. 18 მარტს გამართული ამ შეხვედრის შესახებ, ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ ცნობაში ჩაიწერა, რომ  განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები. დამატებით ვიცით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააპროტესტა გუგუტიანთკარში, ხურვალეთში და სხვა სოფლებში შემჩნეული ახალი ფაქტები მავთულხლართების გავლებისა, ოსური მხარის წარმომადგენელმა კი საპასუხოდ  თქვა, რომ ეს ახალი „საზღვრები“ კი არა საინჟინრო გადამღობი ნაგებობებია – „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებისთვის.

როდემდე   დარჩენა გუგუტიანთკარსა და სხვა ქართულ სოფლებში გავლებული რუსული მავთულხლართები? ახალ მთავრობაში ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ, იქვე ხაზს უსვამენ, რომ მსგავს  ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. ასეცაა, აგვისტოს ომის  შემდეგ, დამატებითი  რუსული მავთულხლართები  კონფლქტის ზონის სოფლებში პირველად არ გაჩენილა. თუმცა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ  წინათ ხელისუფლება მსგავს ფაქტებს მკაცრ შეფასებას აძლევდა და მათზე რეაგირებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვდა.

მოქმედ ხელისუფლებას აშკარად სხვა ტაქტიკა აქვს. ის სიჩუმეს ამჯობინებს, ან მხოლოდ იმის თქმას, რომ საკითხზე მუშაობს. მავანს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ რუსეთს გულს კრემლში, ‘ერისიონის“ ცეკვა გაუთბობს. ქართულ სოფლებში ახალი მავთულხლართები კი   მას შემდეგაც ჩნდება, რაც ხელისუფლებაში მოსული ძალა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, ამ მცდელობას კი საფუძვლად უდებს იმის ხაზგასმას, რომ  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია  საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების „მანკიერი პოლიტიკის“ შედეგია.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s