როგორ მივედით 2008 წლის აგვისტოს ომამდე

“ჰიტლერმა პოლონეთს დააბრალა სამხედრო მოქმედებების დაწყება 1939 წელს, სტალინმა კი ფინელებს დასდო ბრალი, როცა 1940 წელს შეიჭრა მათ ქვეყანაში. ამის მსგავსად, საქართველოსა და რუსეთის შემთხვევაშიც, კრიტიკული საკითხი იმის დადგენაა, რომელი ქვეყანა შეიჭრა რომელში და არა ის, თუ რომელმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველი ტყვია.” ესაა ამონარიდი ევროპის ავტორიტეტიან გამოცემებში 2009 წელს გამოქვეყნებული მიმართვიდან სათაურით “ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს.”  ღია წერილს 12 ცნობილი ევროპელი მოღვაწე აწერდა ხელს.Image

მიუხედევად დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა მოწოდებებისა, არ შეიძლება კოსოვო პრეცედენტად იქცესო, საქართველოს ხელისუფლება ელოდა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთი ამ საკითხით მანიპულირებას გაააქტიურებდა. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულიდან დაიწყო ლაპარაკი იმაზე, პოლიტიკურად რამდენად რთული გამოდგებოდა საქართველოსთვის 2008 წელი – განსაკუთრებით დროის იმ მონაკვეთში, როცა უკვე გარკვეული იქნებოდა კოსოვოს ბედი, ხოლო საქართველო MAP-ის მიღების მოლოდინში იცხოვრებდა.
მაგრამ ვითარება 2008 წლის დადგომამდე გართულდა. 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, როგორც თავად სააკაშვილმა ახსნა, “კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად და ხელისუფლების დამხობის მცდელობის აღსაკვეთად.” იმ მოვლენებმა აშკარად შეასუსტა MAP-ის მომლოდინე ქვეყნის პოზიცია, თუმცა საქართველოსთვის ნათქვამი უარის მიზეზად ნოემბრის მოვლენები არ დაუსახელებიათ. ნატოს ბუქარესტის სამიტზე – ვაშინგტონის დიდი ძალისხმევის მიუხედავად – საქართველოსა და უკრაინას უარი უთხრეს: ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგიღებთ, მაგრამ MAP-ს ჯერ ვერ მოგცემთო. აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა ძველი ევროპის, განსაკუთრებით გერმანიისა და საფრანგეთის პოზიცია.
საქართველოს ხელისუფლებაში მაშინვე განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით ნატომ დაუშვა არაწევრი ქვეყნის – რუსეთის – ირიბი ვეტო. თბილისში ივარაუდეს, რომ რუსეთი აუცილებლად გააღრმავებდა პროვოკაციულ პოლიტიკას. ყველა იხსენებდა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვებს: ჩვენს საზღვართან მძლავრი სამხედრო ბლოკის გამოჩენა რუსეთში პირდაპირ საფრთხედ იქნება აღქმულიო.

აპრილის დასაწყისში, მაშინ, როცა ნატომ საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მინიჭება, გადაუვადა, გამოქვეყნდა პუტინის გამამხნევებელი ღია წერილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერებისადმი. რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი მათ ნატოსკენ მსწრაფი საქართველოსგან დაცვას პირდებოდა.
16 აპრილს პუტინმა საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: საგანგებო ბრძანებულებით, მან საკუთარ მთავრობას დაავალა, პირდაპირი სამართლებრივი ურთიერთობა დაემყარებინა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. ამ დროისთვის რუსეთს უკვე ნათქვამი ჰქონდა უარი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ დსთ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

პუტინის გადაწყვეტილებას თბილისმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის პროცესის ლეგალიზების მცდელობის კვალიფიკაცია მისცა. უკვე 17 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ დაძრავდა სამხედროებს ქართველებით დასახლებული გალის რაიონისკენ თუ საქართველოს მხარე ზემო აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა) შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანდა.

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ზემო აფხაზეთში წესრიგს და ადგილობრივი ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები იცავდნენ. მოსკოვისა და სოხუმის ბრალდება კოდორის ხეობაში საქართველოს სამხედრო ძალის კონცენტრაციის შესახებ ვერ დაადასტურეს გაეროს სამხედრო მეთვალყურეებმა.
23 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამ განიხილა გალის რაიონის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, რაშიც თბილისმა მოსკოვი დაადანაშაულა. ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “რუსეთის უკანასკნელი ქმედებები საქართველოსთან მიმართებით არის უკანონო და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი როგორც საქართველოსთვის, ისე, მთლიანად, რეგიონისთვის; საერთაშორისო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის როგორც ამ რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.”
რუსეთის ხელისუფლება პირიქით, სწორედ სააკაშვილს ადანაშაულებდა იმაში, რომ ის აფხაზეთში ომისთვის ემზადებოდა და აფრთხილებდა მას, რომ საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში რუსეთი “ადეკვატურ ზომებს” მიმართავდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკებში “რუსეთის მოქალაქეების” დასაცვად.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პასპორტიზაცია (რასაც თბილისში საქართველოს ამ ნაწილების ანექსიის გეგმის ნაწილად განიხილავდნენ) მოსკოვისთვის იქცა მთავარ მოტივად მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკუთარი ქმედებების ასახსნელად. ამავე მოტივით ახსნა მოსკოვმა საქართველოსთან შეუთანხმებლად აფხაზეთში საკუთარი სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდაც. ნატომ და ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი ამ გადაწყვეტილების გამო. შეშფოთება გამოთქვეს თეთრ სახლშიც. კრიტიკაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა: “თბილისის უუნარობა, პრობლემური საკითხები მოსკოვთან შეათანხმოს, ნატოში საქართველოს შეყვანის გეგმამ განაპირობა.”
აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ჯარის დამატებითი ძალების კონცენტრაციას მოჰყვა იქვე რუსეთის სარკინიგზო ჯარების შეყვანა – რკინიგზაზე აღდგენითი სამუშაოებისთვის. გადაწყვეტილება მოსკოვმა ჰუმანიტარული მიზნებით ახსნა. ცოტა მოგვიანებით თბილისში ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ რუსების მიერ აფხაზეთში აღდგენილი 54-კილმეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი ოჩამჩირეში შედიოდა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზას უკავშირდებოდა. სარკინიგზო ჯარების შეყვანის პარალელურად დადასტურდა რუსეთიდან აფხაზეთში დესანტის შესვლაც. ერთ-ერთ ინტერვიუში ეს აღიარა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა.

7 მაისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაეუქმებინა გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების შესახებ.აფხაზეთში რუსეთის ამ ქმედებებს “სამხედრო ინტერვენციის მცდელობა” უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა. პროტესტის ნიშნად სააქართველომ დსთ-ის აღმასრულებელ სამდივნოს მიმართა მოთხოვნით, დაწყებულიყო კონსულტაციები თანამეგობრობის ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ძალების მანდატში ცვლილებების შეტანის საკითხზე.

მაისის დამდეგს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში დაიწყო საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების აფეთქების ალბათობაზე. მინიშნება ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა გააკეთა 10 მაისს. ვითარების ადგილზე შესასწავლად და სოხუმის თბილისთან პირდაპირ დიალოგზე დასაყოლიელებლად აფხაზეთში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა.სოხუმში ბრაიზას ვიზიტს მოჰყვა სოხუმშივე ევროკავშირის 15 ელჩის ჩასვლა. ეს მოხდა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორის ხავიერ სოლანას ვიზიტის წინ. თბილისი იმედით უყურებდა აფხაზეთის მიმართულებით აშშ-ისა და ევროკავშირის დიპლომატიურ გააქტიურებას.

6 ივნისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოლანამ თქვა: “უკვე მოქმედებს გარკევული ფორმატები, მაგრამ ვიმედოვნებ, იქნება ახალი ფორმატები, რომლებშიც ყველა კონსტრუქციულად შეძლებს მონაწილეობის მიღებას.”“მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, ოღონდ ერთი პირობით: კოდორის ხეობიდან ჯარები უნდა გავიდეს და უნდა გაფორმდეს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ”- თქვა საპასუხოდ ბაღაფშმა. მან აღნიშნა ისიც, რომ არ დაუშვებდა რუსეთის სამშვიდობო ძალის ჩანაცვლებას სხვა ძალებით და აფხაზეთის სტატუსის განხილვას.

მოლაპარაკების დაწყებისთვის ბაღაფშის მიერ განსაზღვრული პირობები თბილისისთვის მიუღებელი იყო. იქ იმეორებდნენ რომ ზემო აფხაზეთში საქართველო არ არღვევდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას: თბილისის მაშინდელი პოზიციით, შეთანხმების გაფორმება მხოლოდ მაშინ გახდებოდა შესაძლებელი, თუ რეგიონში უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა არა რუსეთი, არამედ ნეიტრალური მხარე. და, რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრინციპული იყო მოლაპარაკების დღის წესრიგში აფხაზეთში დევნილების დაბრუნების საკითხის შეტანა: პირველ ეტაპზე ოჩამჩირისა და გალის რაიონებში. არადა, დევნილების დაბრუნების ახალ ტალღას სოხუმში დაუშვებლად მიიჩნევდნენ და დაუფარავად აღნიშნავდნენ, რომ არ დაუშვებენ იმ ვითარების დაბრუნებას, როცა აფხაზეთში უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. საქართველოს მთავრობამ გაააქტიურა მუშაობა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, რუსეთი, როგორც დაინტერესებული მხარე, ამ პროცესში ვეღარ შეინარჩუნებდა დომინანტურ როლს.

ივნისის შუა რიცხვებში აფხაზეთში მეორედ ჩავიდა მეთიუ ბრაიზა. ამასთან, გერმანიის კანცლერმა გაიზიარა საქართველოს წუხილი აფხაზეთთან დაკავშირებით და თქვა, რომ გერმანია მზად არის იაქტიუროს აფხაზეთის საკითში საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების განმუხტვისთვის.26 ივნისს, რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში მიიღო სერგეი ბაღაფში – ღიად, კამერების წინ. ამ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სოხუმის ხელისუფლებისთვის მიწოდებული შეიარაღება შეიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასაც, რომლის ღირებულება 150 მილიონი დოლარია.

ვითარების შესაძლო ესკალაციის სერიოზული ნიშნები ივნისის ბოლოს გამოიკვეთა. სოხუმსა და გაგრაში მომხდარ აფეთქებებს მოჰყვა მსხვერპლი. ამ აფეთქებების მოწყობაში ბაღაფშმა საქართველოს სპეცსამსახურები დაადანაშაულა და ეს ბრალდება აფხაზეთის ქართველებით დასახლებულ გალის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ჩასაკეტად გამოიყენა.
ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერები ხშირად ჩადიოდნენ მოსკოვში, უმეტეს შემთხვევაში – ერთად. მათ ერთად იღებდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო სათათბიროში, სადაც დროდადრო მსჯელობდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე.
ივლისის დადგომისთანავე დივერსიული აქტების განხორციელება დაიწყო საქართველოს მეორე კონფლიქტურ ზონაში – ცხინვალის რეგიონში.

3 ივლისს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საკუთარი სახლის ეზოში, აფეთქების შედეგად დაიღუპა დე ფაქტო ხელისუფლების მილიციის განყოფილების უფროსი ნოდარ ბიბილოვი – ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ კონფლიქტის ზონაში საჯაროდ შეურაცხყო ქართველი ჯარისკაცები. ბიბილოვის აფეთქებაში ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა საქართველოს სპეცსამსახურები დაადანაშაულა და კონფლიქტის ზონაში გზები გადაკეტა.

3 ივლისსვე, ბიბილოვის აფეთქებიდან რამდენიმე საათში, ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს დიდი და პატარა ლიახვის ხეობათა ქართული სოფლების დამაკავშირებელ შემოვლით გზას. დაშავდნენ ქართველი პოლიციელები, სროლაში მოყვნენ ქართველი მოსწავლეებიც. ამას გარდა, მოხდა თავდასხმა სამხრეთ ოსეთის თბილისის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის მეთაურზე, დიმიტრი სანაკოევზე.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ ალექსანდრ სტუბმა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ კი განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში აფხაზეთი განზე არ გადგებოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა და ეს საფრთხეების გათვალისწინებით ახსნა.

6 ივლისს აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, ამჯერად – გალის რაიონში. დაიღუპა 6 ადამიანი.
ამის შემდეგ ზემო აფხაზეთში თავს დაესხნენ ქართველ პოლიციელებს, როცა ისინი ამოწმებდნენ ადგილს, სადაც გაეროს ინსპექტორები უნდა ჩასულიყვნენ.
კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივების განსახილვლად საქართველოში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. თბილისში რაისის ყოფნისას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე ცხინვალის რეგიონის თავზე. თანაც, პირველად ბოლო წლების მანძილზე, რუსეთმა თავადაც აღიარა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეს “ცხელი თავების” გასაგრილებლად გაკეთდა. მოგვიანებით ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა, რომ რუსეთმა ეჭვქვეშ დააყენა თავისი, როგორც შუამავლის როლი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოწყობილ პრესკონფერენციაზე პრეზიდნტმა სააკაშვილმა რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებზე საუბრისას თქვა, რომ მოსკოვი შეუფარავად გამოხატავს პოზიციას ნატოს გაფართოებისა და კოსოვოს დამოუკიდებლობის მიმართ.

საქართველოს ხელისუფლებამ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან გამოიხმო თავისი ელჩი. რუსეთის სამხედრო მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი მაკაროვმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწია რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა თხოვნით, მკაცრი შეფასება მიეცა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებისთვის.

ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი მოლაპარაკებებისთვის ოთხეულის მსგავსი ჯგუფის შექმნის წინადადებით გამოვიდა: საქართველოს, რუსეთის, ევროკავშირისა და ეუთოს მონაწილეობით.

ივლისის შუა რიცხვებში, მაშინ როცა თბილისთან, ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარეობდა საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა, ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდა რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია წვრთნისთვის, რომლის მიზნადაც დაასახელეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშვიდობის იძულებით დამყარება – ვითარების ესკალაციის შემთხვევაში.
ამასობაში საქართველოს ესტუმრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც ჩამოიტანა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ვითარების დეესკალაციის, დემილიტარიზაციისა და განვითარების სამეტაპიანი გეგმა. გეგმის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა უსაფრთხოების საკითხზე მხარეთა შეთანხმებას და ნდობის აღდგენის ღონისძიებების დაწყებას, აგრეთვე დევნილების დაბრუნების ახალი ეტაპის დაწყებას. ეს სოხუმში და მოსკოვში ერთნაირად არ მოეწონათ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა: “დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშირონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება და დევნილების დაბრუნება, რაც არარეალურია. დღეს მთავარია, არ დავუშვათ კონფრონტაცია.” გერმანიის გეგმის მიმართ კიდევ უფრო ხისტი იყო სოხუმის პოზიცია.

შტაინმაიერმა სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სამეტაპიანი გეგმის განსახილველად ბერლინში მიიწვია. ეს მოხდა ივლისის ბოლოს. სოხუმში მიწვევაზე დასათანხმებლად დრო ითხოვეს . დე ფაქტო ხელისუფლებამ შეხვედრის მისთვის სასურველ დროდ აგვისტოს ბოლო დაასახელა.. თბილისში გამოთქვეს ვარაუდი, რომ სოხუმში შეხვედრაზე უარის სათქმელად მიზეზს ეძებდნენ და 1 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლი გაიხსნა. ამაში ედურად კოკოითიმ საქართველოს მხარე დაადანაშულა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი თქვეს, რომ ცეცხლი ოსურმა მხარემ გახსნა. ამ დღეს ქართულ სოფლებს ყუმბარმტყორცნიდან და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ესროლეს. თბილისი განმარტავდა, რომ ცეცხლს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში სნაიპერული ცეცხლით პასუხობდა. ცხინვალმა გაავრცელა ცნობა 6 დაღუპულის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ინფორმაცია ქართულ სოფლებში დაშავებულთა შესახებ. კონფლიქტის ზონაში აგვისტოს პირველ დღეებში ნაღმზე მანქანის აფეთქების შედეგად დაშავდნენ ქართველი პოლიციელები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ვითარების დაძაბვის მიზეზად დაასახელა მოლაპარაკებათა არაეფექტიანი ფორმატი და უშედეგო სამშვიდობო ოპერაცია.
2 აგვისტოს ედუარდ კოკოითიმ საყოველთაო მობილიზაციისთვის მზადყოფნა გამოხატა, თან მოძმე რესპუბლიკებიდან მოხალისეები მიიწვია. კოკოითიმ დახმარებისთვის მიმართა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას და თან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი წამოიწყო. ცხინვალიდან დაიწყო ქალებისა და ბავშვების გაყვანა, საქართველოს ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ცხინვალზე შეტავას არ აპირებდა. 
რუსეთის საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ცნობა 3 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის 58-ე არმიის სარდლის ჩასვლასა და კოკოითისთან და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვთან მის საიდუმლო შეხვედრაზე.

4 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ბერლინის შეხვედრაზე და მიზეზად ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

5 აგვისტოს გავრცელდა სამხედრო მეთვალყურეთა სამმხრივი დასკვნა. მასში დადასტურებული იყო, რომ 1-2 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ქართული სოფლები ცხინვალის მხრიდან დაიბომბა. თანაც, კონფლიქტის ზონაში აკრძალული იარაღის გამოყენებით. ამ დასკვნას ხელი მოაწერა გენერალმა კულახმეტოვმაც.
თბილსმა ცხინვალთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის იური პოპოვის დასწრებით. საქართველოში ჩამოსვლამდე პოპოვმა განაცხადა: “კრიზისი ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის პირას არის და სიტუაციის აფეთქების შემთხვევაში რუსეთი დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთში.”

6 აგვისტოს საღამოს კონფლიქტის ზონაში კვლავ გაიხსნა ცეცხლი. საღამო ხანს ფრონეს ხეობის ქართული სოფლები ალყაში მოაქციეს ოსურმა ფორმირებებმა. ცეცხლის გახსნაში მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.
7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ღამიდან მოყოლებული ისროდნენ. ფრონეს ხეობაში ალყაშემორტყმულმა ქართულმა მოსახლეობამ ღამე სარდაფებში გაათენა. დილით გამართულ პრესკონფერენციაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს ჰკითხეს, რას აკეთებდნენ ამ დროს რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები? იაკობაშვილმა თქვა, რომ ისინი პროცესში ვერ ერეოდნენ და ცდილობდნენ, თავად არ მოხვედროდათ ტყვია.
დილით რუსი დიპლომატი პოპოვი უკვე თბილისში იყო. პირდაპირ მოლაპარაკებებზე ცხინვალის უარის მიუხედავად, იაკობაშვილი მაინც გაემგზავრა კონფლიქტის ზონაში. პოპოვი მას არ გაჰყვა, ის ცხინვალში დამოუკიდებლად წავიდა. შეხვედრა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მაღალჩინოსნის მონაწილეობით არ შედგა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალში ჩასულ თემურ იაკობაშვილთან საუბარი არ ისურვეს. იაკობაშვილმა მარტო გენერალ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა. “ამათ ვეღარ ვაჩერებო” – უთხრა კულახმეტოვმა მას. კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ვითარების გამწვავებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლომა რუსეთს დააკისრა. 7 აგვისტოს, საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამავდროულად სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, არ ეპასუხათ სეპარატისტთა ცეცხლისთვის. სააკაშვილის მიმართვიდან 1 საათში ოსურმა მხარემ განაახლა მასირებული შეტევა ქართულ სოფლებზე და კონფლიქტის ზონის ქართულ პოზიციებზე. საქართველოს ხელისუფლებამ შეტევის მოგერიება დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ 7 აგვისტოს, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ცხინვალში იმყოფებოდა 50 რუსი ჟურნალისტი, კონფლიქტის ზონაში უკვე იყვნენ 58-ე არმიის მოსამსახურეები, ხოლო ცხინვალსა და ჯავაში რუსებს დამონტაჟებული ჰქონდათ საკომუნიკაციო სისტემა.
ჩრდილოეთ კავკასიაში, როკის გვირაბთან კონცენტრირებულ რუსეთის ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას სულ ცოტა დრო დასჭირდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში შესაღწევად.

2008 წლის 14 აგვისტო

ეკა წამალაშვილი

რადიო თავისუფლება

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s