“კოჰაბიტაცია” რკინიგზის თემაზე

Image„ჩვენ არ  გვაქვს  მოლოდონი, რომ აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენა მოკლე ვადებში  იქნება შესაძლებელი. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ მიმართულებით თანამშრომლობისათვის. გვაქვს   ბევრი ინიციატივა აფხაზეთთან დაკავშირებით და ვფიქრობთ,  მთავარი დაბრკოლება აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ამოქმედებისთვის  რუსეთის პოზიციაშია და არა სააკაშვილის განცხადებაში, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ეწურება.  მე ვფიქრობ რუსეთი არაა დაინტერესებული ამ სარკინიგზო ხაზის  ფუნქციონირებით,” – ესაა ამონარიდი  ინტერვიუდან, რომელიც  საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით ბერძანიშვილმა სომხურ გამოცემა  Аравот-ს მისცა.  ამავე ინტერვიუში ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ  აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა ხელსაყრელია სომხეთისთვის და ხელსაყრელია საქართველოსთვისაც. მისი  აზრით, რამდენადაც ლაპარაკია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სოხუმისა და თბილისის დამაკავშირებელი გზის აღდგენა რუსეთის ინტერესებში არ შედის.

ტრანსკავკასიური რკინიგზის აღდგენის  თემაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრი აზებაიჯანის ინტერესებს არ შეხებია. “ვფიქრობ სომხეთმა უნდა იმუშავოს რუსეთთან, რადგან რუსეთია  დამაბრკოლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის.“- აღნიშნა მან, არადა ბაქოში სერიოზული  შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მისი მთავრობა მზადაა დაიწყოს მუშაობა საქართველოსა და რუსეთს შორის  რკინიგზის აღდგენაზე, რომელიც ასევე დააკავშირებს რუსეთსა და სომხეთს.

აზერბაიჯანთან  ამ თემაზე  “ხუმრობა“  როგორც იტყვიან სახიფათოა. ის საქართველოსთან ახორციელებს  უმსხვილეს  პროექტებს, ბოლო-ბოლო ასე მნიშვნელოვანი  ენერგეტიკული დერეფნის გაფართოების იდეა  აზებაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადის.

რაც შეეხება სომხეთს,  სომხეთის იზოლაცია საქართველოს ინტერესებში არასდროს ყოფილა, აქ საკითხი მარტივად იდგა და დგას: ერთია მეზობელთან კარგი ურთიერთობა და მეორე ოკუპანტის სტრატეგიული ინტერესები, რომელიც ვერ მოვა თანხვედრაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებდან, მანამდე სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია.

რკინიგზა, რომელიც  საქართველოში (აფხაზეთში) ომის დაწყების ფორმალურ მიზეზად იქცა

მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მიმოსვლა 90-იან  წლებში, საომარი მოქმედებებისას შეწყდა. ომის დროს აფხაზეთის რკინიგზა თითქმის მთლიანად გაიძარცვა. დიდი ხნის მანძილზე  სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით მოძრაობაც შეწყვეტილი იყო. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა  რეზოლუციით,  სეპარატისტულ აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა. აღნიშნულის მიუხედავად  2004 -ში რუსეთმა სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მონაკვეთი აამუშავა.  2008 წელს, საქართველოზე თავდასხმამდე, რუსეთმა უარი თქვა  დსთ-ს რეზოლუციით ნაკისრ ვალდებულებებზე. 2008 წლის ზაფხულში რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა ფსოუ-სოხუმისა და სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთები აღადგინეს. აგვისტოს ომის დროს კი დასავლეთ საქართველოს სწრაფი ოკუპაციისთვის რუსეთმა სწორედ ეს აღდგენილი რკინიგზა გამოიყენა.  და ბოლოს – 2009 წელს  საქართველოს ოკუპირებული ნაწილის – აფხაზეთის – რკინიგზა რუსეთის რკინიგზას ათწლიანი მართვის უფლებით გადაეცა.

„ დიდი შუამავალი „

რუსეთი, რომელიც  აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში  შუამავლის  სტატუსით სარგებლობდა მხარს უჭერდა რკინიგზის გახსნას. 2003 -ში, მოსკოვში წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ,  შევარდნაძის ხელისუფლების  უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ  განაცხადა: პუტინის ადმინისტრაცია აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის გზას ეკონომიკური პროცესების დაჩქარებაში ხედავს, რაც მათი აზრით, პოლიტიკური მოწესრიგების წინაპირობა იქნებაო.

მაშინ შევარდნაძემ გაიზიარა აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ის გზები, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა  შესთავაზა.  გზებში  კი სოჭი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენაც იგულისხმებოდა. ეს  თბილისისთვის მისაღები სწორედ იმიტომ  გახდა, რომ  რკინიგზის აღდგენა აფხაზეთში, გალის რაიონში, დევნილთა ეტაპობრივი და უსაფრთო დაბრუნების პირობად სახელდებოდა.  ტრიალებდა ტერმინი “სინქრონიზაცია,“  რამაც პუტინის და შევარდნაძის შეხვედრაზე გაიჟღერა. ის კი სარკინიგზო ხაზის აღდგენის პარალელურად სწორედ  დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყებას  გულისხმობდა. მაგრამ რუსეთმა  მალევე დაარღვია დსთ-ს რეზოლუციით ნაკისრი  ვალდებულებები სეპარატისტულ აფხაზეთთან დაკავშირებით  და სოხუმთან სარკინიგზო ხაზი აამოქმედა.

რკინიგზის საკითხზე მოლაპარაკებები შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც  გაგრძელდა, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. დევნილების დაბრუნების დაწყების თაობაზე საქართველოს პირობა რუსეთთან  მოლაპარაკებებში წინსვლას გამორიცხავდა.

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ

“სად დგე­ბა ქარ­თვე­ლი მე­საზ­ღვრე? სა­ნამ ამ კით­ხვას არ გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი, ეს რკი­ნიგ­ზა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის­თვის პლაც­დარ­მი კავ­კა­სი­ის დაპ­ყრო­ბის, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბი­სა და ირან­ზე გას­ვლის­თვის!“  – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

აფხაზეთის გავლით  ტრანსკავკასიური სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა  პრეზიდენტ სააკაშვილის აზრითაც  კავკასიაში  რუსეთის ექსპანსიის პირდაპირი ინსტრუმენტი იქნება. “მე მგონია, რომ ეს არ პასუხობს არც ერთი კავკასიური ქვეყნის ინტერესებს, ეს პასუხობს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოკლევადიან, საკმაოდ აგრესიულ ინტერესებს,“- უთხრა მან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრებს  მას შემდეგ, რაც  პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა  დაადასტურა მისი მთავრობის მზადყოფნა  დაიწყოს მუშაობა  საქართველოს გავლით სომხეთის და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხზე.  ეს შესაძლებელია, თუმცა  საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ არის რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების და არცთუ ადვილი ურთიერთობების გამო  ჩვენს ძმებთან, აფხაზებთანო, აღნიშნა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას და როგორც ცნობილია იქვე,  გარკვეული შეკითხვები დაუკავშირა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას.  მოგვიანებით,  ბაქოში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს  მოუხდა განემარტა, რომ ხსენებული დიდი პროექტის  დასრულებას არანიარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ  მისმა მანევრებმა საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკის მიმართ შეკითხვები გააჩინა.  იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი და  სერიოზული შეკითხვები, ვიდრე  ივანიშვილის მთავრობას  ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ეკონომიკურ  ღირებულებასთან შესაძლოა ჰქონდეს.  ეს პროექტი აზიას ევროპასთან დააკავშირებს და გავრცელებული მოსაზრებით რუსეთის ტრანსციმბირულ რკინიგზას გაუწევს კონკურენციას.

“საკითხი დარეგულირებადია“  ეს „ქართული ოცნების’ ლიდერის  სიტყვებია  ნათქვამი იმ აჟიოტაჟის გასაქარწყლებლად, რაც  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო  მაგისტრალთან დაკავშირებით მისმა განცხადებამ  გამოიწვია.

„ეს გზა სოხუმის და თბილისის დამაკავშირებელია და აქედან გამომდინარე მისი აღდგენა მხოლოს რუსეთს არ აძლევს ხელს. დამაბრკოლებელი რუსეთია და არა სააკაშვილის წინააღმდეგობა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ეწურება.“- ეს  უკვე ივანიშვილის კოალიციის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნათქვამია მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, რისმა დაშვებამაც (ივანიშვილის მხრიდან) ასევე სერიოზული შეკითხვები გააჩინა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით მეზობელ აზერბაიჯანში.

 

 

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s