“კლეოპატრა” ქართულად

Imageგასულ ზაფხულს  თურქეთში  ვისვენებდი. სასტუმროში პირველსავე დღეს ისეთი ამბით შემომთავაზეს ცნობილი „კლეოპატრას“ მასაჟი, თავს უარი  ვერ ვუთხარი. ჩავეწერე და დათქმულ დროს გამოვცხადდი იქ, სადაც დამსვენებლებს ძირითადად ტაილანდელი გოგონები ელოდნენ, გაწაფული ხელებით და კეთილი ღიმილით. მომსახურე ქალბატონმა მითხრა ყველაზე გამოცდილი და მაგარი მასაჟისტი  შეგირჩიე, ეხლავე მოვაო და  მოვიდა კიდეც ნელი, დარბაისლური ნაბიჯებით.

ეს იყო  შუა ხნის ასაკს გადაცილებული ქალბატონი, პირველივე შეხედვით მეტად სევდიანი. ჩემზე როცა მიუთითეს უხალისოდ გამიღიმა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა ნანა მქვიაო. გამეცინა, ქართულ ენაზე გავეცანი, ამის მერე კი  მართლა გულიანად  გამიღიმა, რაღაცეები გამომკითხა ( როდის ჩავედი, კმაყოფილი ვიყავი თუ არა ) და დააყოლა: ეჰ, წამოდი ჩემო გოგო, კარგო გოგო,  წამოდი.. ვიღაც გადამთიელებს ვემსახურები, არ იცი როგორ გამახარა  ქართველის დანახვამ,  დაგინახე თუ არა მესმიამოვნა. ნახავ რა ხელები მაქვს და რა სპეციალისტი ვარ, მოგიყვები ჩემს ამბავს, რამ გადმომხვეწა აქ, დარდებს მაინც  გაგიზიარებო.

თურქეთში, „კლეოპატრას“ მასაჟი ქართული  დარდების გაზიარებით როგორია? თან საკმაოდ ძვირი რომ გაქვს გადახდილი? რა მექნა? ვეღარც გამოვიქეცი და  შევრჩი. მისი მოქნილი, მაგრამ მძიმე ხელებიდან სულ დარდები მოდიოდა და თან ყვებოდა: აქ არაფერი მახარებსო, აქ ქართველს რა უნდა სამუშაოდ? ქართველს აქეთ უნდა ემსახურებოდნენ ესენი, ქართველი თურქის მოსამსახურე როგორ უნდა იყოსო. რა თქმა უნდა გადავიდა  სააკაშვილზე. ამბობდა: ” მაგის ბრალია ასეთ დღეში რომ ვართ, მეჩეთს გვიშენებს, ჩინელები მოყავს. ეროვნებას და რწმენას გვართმევენ მაგის ხელითო”. დადუმებული ვეგდე და გულში საკუთარ თავს ვლანძღავდი, ამხელა ქვეყანაში, ასე  ნაქებ „კლეოპატრაზე,“ რაღა მე გადავეყარე ამასთქო და ამ დროს თქვა მთავარი: „ერთადერთი ივანიშვილის იმედი მაქვს შვილო, უჭკვიანესი კაცია, ამხელა ფული იშოვა, კაცმა ბოლო-ბოლო  „სამება“ ააშენა! მჯერა რომ მოვა, ჩემი გოგო, და ყველას გვეშველება. თურქებს და ჩინელებს მაინც  არ მიუგდებს ქვეყანას სააკაშვილივით. მოვა ივანიშვილი და ჩემისთანებს გამოიხსნის ამათგან.სხვა თუ არაფერი კრედიტი ხომ მაინც  ჩამოიჭრება? მაგის იმედად ვცოცხლობ შვილო, ვალებმა გადმომხვეწა აქ.“

ასე მივიღე „კლეოპატრას“ მასაჟის მაგივრად მასაჟი “ქართველობას გვართმევენ..“ თურქების, სააკაშვილის და ბოლოს ჩინელების მოხსენიების შემდეგ, ისიც კი მოყვა როგორ ჩადო ბიზნესისთვის საჭირო თანხის სანაცვლოდ ბანკში ბინა, ბიზნესი როგორ ვერ ააწყვეს მისმა შვილებმა  და  რამდენს აგზავნიდა  თურქეთიდან ოჯახში ვალის გასასტუმრებლად.

„კლეოპატრა“ უსასრულოდ გაიწელა, ეტყობა იმიტომ რომ  თანამემამულე  მასაჟისტი  გაუთავებლად ლაპარაკობდა.  ხანგრძლივი   no comment -ის მერე როგორც იქნა  ვუთხარი : „კი მაგრამ, რას ერჩით ამ თურქებს მაინც? აქ ხართ, მუშაობთ, ოჯახს ეხმარებით. რა მშვიდი, ღიმილიანი ხალხია, რა კარგი  ქვეყანა აქვთ.“

პასუხი:  „ესაა ქვეყანა? ამათი არაფერი მინდა შვილო, ზღვაც არ ვარგა აქ, არაფერი ვარგა,საჭმელი ხომ უვარგისია, ყვავილებს სუნი არა აქვს, ხალხზე უკვე ვთქვი.“

„არადა რა კარგი ზღვა აქვთ, ლივლივა, წყნარი, ამდენი ვარდები, სერვისი ხომ საერთოდ,კარგით რა..“ -წავილუღლუღე.  ვარდები არ გამაგონოო და მივხდი კიდევ რომ მეთქვა რამე შეიძლება გაბრაზებულიყო.

როგორც იქნა მორჩა ეს კლეოპატრადწოდებული პროცედურა. კიდევ  თუ შემოივლი, პატივისცემა ანუ სეილი ჩემზე იყოსო მითხრა და  დამლოცა. მეც მადლობა ვუთხარი, ზრდილობისთვის ხელობა შევუქე, დავემშვიდობე და წამოვედი.

ისე მაინც ჩამოიარე ხოლმე, აქ ვარ, თურქულ ჩაიზე დაგელაპარაკები ხოლმეო, მომაძახა.

შემეცოდა, თან გაბრაზებული ვიყავი მაინცდამაინც  ქართველი რომ  დამხვდა თავისი  დარდებით „კლეოპატრაზე“ ჩაწერილს. წამოვედი  უხალისოდ, „ქართველობის“ ტვირთით დამძიმებული, არადა რა ხალისიანად მივედი?  სასწრაფოდ გავეშურე კლეოპატრას სანაპიროზე და  ხმელთაშუა ზღვის რბილ ტალღებს გავატანე ჩემი და ნანას დარდები ქართული.

ამ ბოლო დროს რამდენჯერმე გამახსენდა ნანა და “კლეოპატრა” ქართულად. ნეტა ეხლა როგორაა? ჩამოვიდა თუ ისევ იქაა? ივანიშვილმა  ბანკის  ვალი რომ ვერ ჩამოაჭრა დარდები შეუმსუბუქდა? ან მეჩეთის მშენებლობის იდეა ძველებურად  აშინებს?

About these ads
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s